აფრიკის „მიცვალებულთა ქალაქში“ იდუმალი ნუბიური ქვის ფირფიტები აღმოაჩინეს
აფრიკის „მიცვალებულთა ქალაქში“ იდუმალი ნუბიური ქვის ფირფიტები აღმოაჩინეს

აფრიკაში, ე. წ. მიცვალებულთა ქალაქის გათხრებისას, არქეოლოგებმა წარწერების უმსხვილესი კოლექცია აღმოაჩინეს. ტექსტები იდუმალებით მოცულ ქუშების ენაზეა შესრულებული.

2700 წლის წინანდელ არტეფაქტებს შორის არის მიცვალებულებისადმი მიძღვნილი ქვის საოცარი დაფები.

აღმოჩენა სუდანში, არქეოლოგიურ ძეგლ სედეინგაზე გაკეთდა. ეს ძეგლი ცნობილია ძვ. წ. XIV საუკუნის ტაძრის ნანგრევებით, რომელიც აშენებული იყო ტუტანხამონის ბებიის, ეგვიპტის დედოფალ ტიიას პატივსაცემად.

ძვ. წ. VII — ახ. წ. IV საუკუნებში ეს ადგილი მნიშვნელოვან ნეკროპოლისად, „მიცვალებულთა ქალაქად“ გადაიქცა, რომელიც ნაპატისა და მეროეს სამეფოებს ეკუთვნოდა.

მეზობელი ეგვიპტელები, ამ ორ სამეფოს ერთად, ქუშს უწოდებდნენ.

ამ კულტურების შესახებ ძალიან მწირი ცნობებია შემონახული, მაგრამ სამგლოვიარო ნივთებს ნამდვილად შეუძლიათ უზარმაზარი ინფორმაციის მოცემა. მიუხედავად იმისა, რომ ნეკროპოლისის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული, იგი იმდენად დიდია, რომ მოიცავს სულ მცირე 80 აგურის პირამიდას და 100 სამარხს.

ფრანგ მკვლევართა ჯგუფმა არტეფაქტები სწორედ ამ სამარხებში აღმოაჩინა.


საფლავებში ჩატანებული ქვის სამახსოვრო დაფები წარმოადგენს მეროეული ტექსტების ამ დრომდე არსებულ უდიდეს კოლექციას.

იგი სუბსაჰარული აფრიკის ჩვენთვის ცნობილი უძველესი სამწერლობო ენაა. იყენებდნენ ძველი ეგვიპტელებისგან ნასესხებ სიმბოლოებს.

„მეროეული დამწერლობის სისტემა ხშირად აღემატება ჩვენს ძალებს. მიუხედავად იმისა, რომ სამგლოვიარო ტექსტები ჩვენთვის ძალიან კარგადაა ცნობილი და თითქმის მთლიანად ვახერხებთ თარგმნას, ტექსტების სხვა კატეგორიები ხშირად დაბრკოლებას გვიქმნის. ამ თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია ყოველი ახალი აღმოჩენა, რადგან შესაძლოა, სინათლე მოეფინოს რაღაც ახალს“, — უთხრა გამოცემა Live Science-ს კვლევის თანაავტორმა, ვინსენ ფრანსინიმ.

არქეოლოგთა მიერ აღმოჩენილი სამარხებისა და პირამიდების უმეტესობა ნაპატის სამეფოს ეკუთვნის. ხუთი საუკუნის შემდეგ, მიცვალებულთა სადიდებლად, მეროეელებს ადრეული შენობებისთვის ახალი სტრუქტურები დაუმატებიათ — ქვიშაქვისა და აგურის სამლოცველოები პირამიდის დასავლეთ კედლებთან.


განსაკუთრებით საინტერესოა ერთ-ერთ სამლოცველოში აღმოჩენილი ფილა, რომლის ტექსტშიც საუბარია მაატზე — კანონის, თანასწორობის, წესრიგის, ჰარმონიის, მშვიდობისა და სამართლიანობის ეგვიპტურ ქალღმერთზე. ფილა ახ. წ. II საუკუნეს მიეკუთვნება.

ასევე აღმოჩენილია მაღალი სტატუსის ორი ქალისადმი მიძღვნილი სამახსოვრო ტექსტები.


ერთ-ერთი მათგანი ტექსტში საკუთარ თავს მალივარას ნუბიელს უწოდებს. ყოფილა მზის ღმერთ ამონის ორი დიდი ქურუმის და და ნილოსზე გაშენებულ ქალაქ ფარასის მმართველის დედა.

მეორე ქალი, სახელად ადატალებე აღწერილია საფლავის ფილაზე ამოტვიფრული ტექსტის ოთხ ხაზში. იგი მეროეს მმართველი ოჯახის ახლობელი ყოფილა.

ის ფაქტი, რომ ტექსტებში ქალები არიან აღწერილი, უბრალო შემთხვევითობა როდია.

არსებობს მტკიცებულებები, რომ ეგვიპტელებისგან განსხვავებით, ნუბიელებში მემკვიდრეობა ქალის ხაზით გადადიოდა.

ძეგლის გათხრები გრძელდება. კვლევები 2020 წლამდეა დაგეგმილი.

მომზადებულია Live Science-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით