აფგან მუხთარლის მეუღლე - მედიის თავისუფლების შესახებ მითი საქართველოში მაშინ დაირღვა, როდესაც ჩემი ქმარი მოიტაცეს და არალეგალურად ჩაიყვანეს აზერბაიჯანში
აფგან მუხთარლის მეუღლე - მედიის თავისუფლების შესახებ მითი საქართველოში მაშინ დაირღვა, როდესაც ჩემი ქმარი მოიტაცეს და არალეგალურად ჩაიყვანეს აზერბაიჯანში

მედიის თავისუფლების შესახებ მითი საქართველოში ორ-ნახევარი წლის წინ დაირღვა, როდესაც ჩემი ქმარი მოიტაცეს და არალეგალურად ჩაიყვანეს აზერბაიჯანში, – ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ თბილისში მიმდინარე ეუთო-ს მედიაკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა, სამხრეთ კავკასიაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება საქართველოსა და სომხეთში უკეთესია, ვიდრე აზერბაიჯანში.

„მედიის თავისუფლების შესახებ მითი საქართველოში ორ-ნახევარი წლის წინ დაირღვა, როდესაც ჩემი ქმარი მოიტაცეს და არალეგალურად ჩაიყვანეს აზერბაიჯანში. სამხრეთ კავკასიაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას ჩვენ საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ვადარებთ. ვითარება ამ ორ ქვეყანაში უკეთესია, ვიდრე აზერბაიჯანში.

„რუსთავი 2“-ის საკითხთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ჟურნალისტის გაჩუმების ნებისმიერი ქმედება, მათი იძულება თვითცენზურისკენ – ეს არ არის კარგი ნიშანი მედიის თავისუფლებისთვის, საქართველოშიც კი.

აზერბაიჯანში ვითარება შესაძლოა, 20 წლის წინ გაუარესდა, საქართველოში ეს ახლა დაიწყო. არ ვისურვებდი იგივე სიტუაციაში აღმოჩნდეთ, როგორიც აზერბაიჯანში გვაქვს“, – განაცხადა აფგან მუხთარლის მეუღლემ.

თბილისში ეუთო-ს მედიაკონფერენცია იმართება. ღონისძიების მთავარი მიზანი რეგიონში მედიის თავისუფლების გაძლიერებაა.