ადვოკატი - ნატალია ილიჩოვა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, გაოგნებულია, ვერ ხვდება, რაში მდგომარეობს მისი დანაშაული, როცა კანონის ჩარჩოებს არ გასცდენია
ადვოკატი - ნატალია ილიჩოვა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, გაოგნებულია, ვერ ხვდება, რაში მდგომარეობს მისი დანაშაული, როცა კანონის ჩარჩოებს არ გასცდენია

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, გუშინ მას საქმის დამატებითი მასალები გადაეცა, რომელთა შორისაა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ჩვენება.

„ნოღაიდელის ჩვენებას როცა გავეცანი, გამიჩნდა ერთი მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება, რომ ეს იყო მიზანმიმართულად შექმნილი, რათა შემდგომში გარკვეულწილად მაღალი თანამდებობის მიმართ მისასვლელი გზა გააკეთონ. არ მინახავს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გარდა იმისა, რომ ნოღაიდელი ამბობს – უშიშროების საბჭოს სხდომაზე მისული იყო კომისიის ერთ-ერთი წევრი და მათ გააცნეს ინფორმაცია, თუ რა მონაკვეთები არ შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში. მაგრამ, ამავე დროს დასძენს, რომ მან არ იცის, არ ახსოვს, რომელი წევრი იყო, ეს სავარაუდოდ იქნებოდა თავმჯდომარე. ამავე დროს დასძენს, რომ მას უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი უფლება არ ჰქონდა და ძირითადად ერთპიროვნულად გადაწყვეტილებებს იღებდა ქვეყნის პრეზიდენტი.

წერილზე არის საუბარი. მე ეს წერილი არ მინახავს, განმარტებაა გაკეთებული, რომ ეს წერილი მიმართული იყო ამ მნიშვნელოვანი კულტურულ-სულიერი საგანძურის აღდგენისკენ, ეს არ იყო მიმართული საზღვრების დადგენისკენ, ამის უფლებამოსულება აღნიშნულ წერილს არ ქჰონია. მისთვის ასე იყო მიწოდებული და ამავდროულად იურიდიული მდგომარეობა სწორედ გახლდათ ასეთი, რომ სამონასტრო კომპლექსი იურიდიულად განეკუთვნებოდა აზერბაიჯანის მმართველობას“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ნატალია ილიჩოვა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„ის არის გაოგნებული ამ მომენტით, ამ მოცემულობით, ვერ მიმხვდარა, რაში მდგომარეობს მისი დანაშაული, როდესაც კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით მოქმედებდა და არანაირ ჩარჩოებს არ გასცდენია“, – აღნიშნა ნესტან ლონდარიძემ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.