ადვოკატი - მოშიმშილე არასრულწლოვნებისთვის ტელევიზორების ჩამორთმევის შესახებ გუშინ გაკეთებული განცხადების დროს არ ვიცოდი, რომ ისინი სხვა პატიმრების საკუთრება იყო
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ მოშიმშილე არასრულწლოვნებისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ტელევიზორების ჩამორთმევის შესახებ გუშინ გაკეთებული განცხადების დროს არ იცოდა, რომ ეს ტელევიზორები სხვა პატიმრების საკუთრება იყო, რომლებისგანაც მოშიმშილეები განაცალკევეს.
ადვოკატის თქმით, ეს ინფორმაცია პენიტენციური სამსახურის განცხადებიდან შეიტყო.
„პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც საკნიდან ტელევიზორების გატანაზე ინფორმაციას სიცრუე უწოდეს, თუმცა ფაქტია, რომ წაიღეს, ეს ხომ დადასტურდა მათგან. რისთვის მოხსნეს, ეს არ აუხსნიათ არასრუწლოვნებისთვის და არ განუმარტავთ, რომ მათი ტელევიზორი არ არის და სხვას ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამიტომ გავაკეთეთ განცხადება, სხვა ინფორმაცია არ გვქონდა, თუ სურვილი ექნება ზ.ხ- ს და მის ოჯახს, შეიძენენ და დადგამენ საკანში ტელევიზორს“, – განაცხადა გელხაურმა.