ადვოკატი - მოსახლეობის სახელით მოვამზადებთ სარჩელს და „ყაზტრანსგაზისგან“ ზიანის ანაზღაურებას მოვითხოვთ
მოსახლეობის სახელით აუცილებლად მოვამზადებთ სარჩელს და მოვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისისგან“, – ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „ლ ჯგუფის“ ხელმძღვანელის, გრიგოლ ჭანტურიას ადვოკატმა განაცხადა. სწორედ ამ კომპანიამ ააშენა კორპუსი, რომელშიც გუშინ აფეთქება მოხდა.
მისი თქმით, გრიგოლ ჭანტურია პოლიციაში გამოიკითხა.
„ისეთი კითხვები იქნა დასმული, სავარაუდოდ, პოლიციის მიზანი არის, რომ ეს დანაშაული გადატყდეს სამშენებლო კომპანიაზე. არ მიმდინარეობს მუშაობა იმ კუთხით, ვისაც რეალური ბრალეულობა მიუძღვის. ჩვენ აუცილებლად, მოსახლეობა გავაკეთებთ განცხადებას და ვისაუბრებთ დეტალებზე, თუ რა პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული „ყაზტრანსგაზს“ და რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. მოსახლეობის სახელით მინდა განგიცხადოთ, რომ ჩვენ აუცილებლად მოვამზადებთ სარჩელს და მოვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას „ყაზტრანსგაზისგან“. დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ დავას მოსახლეობა მოიგებს“, – განაცხადა ადვოკატმა.
კობაიძე მიიჩნევს, რომ გრიგოლ ჭანტურიას მომხდარში ბრალი არ მიუძღვის.
„პირიქით, ის უვლიდა კორპუსს და მოსახლეობაც ძალიან კეთილგანწყობილია მის მიმართ“, – განაცხადა ადვოკატმა.
ამასთან, კობაიძე ჭანტურიას დაკავებასაც არ გამორიცხავს.
„გამორიცხული არაფერია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება, რადგან სამართლებრივად წარმოუდგენელია, გრიგოლ ჭანტურიას ბრალეულობა გამოიკვეთოს. ეს სურვილი შესაძლებელია, ჰქონდეს „ყაზტრანსგაზს“, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავები ამას არ გააკეთებენ“, – აღნიშნა ადვოკატმა.
მისი ინფორმაციით, „112“-ში ორჯერ შევიდა შეტყობინება კორპუსიდან გაზის მძაფრი სუნის შესახებ.
„ამაზე „ყაზტრანსგაზმა“ რეაგირება არ მოახდინა. ვალდებული იყო უსაფრთხოების ნორმები დაეცვა და არ დაიცვა. კორპუსის ექსპლუატაციას რაც შეეხება, გავიმეორებ, რომ თბილისში კორპუსის 90 პროცენტი არ არის ექსპლუატაციაში შესული“, – აცხადებს კობაიძე.
როგორც მან აღნიშნა, გამოძიებას გადაეცა ყველა სამშენებლო დოკუმენტაცია.
„ვფიქრობ, არანაირი კითხვა აღარ დარჩებათ საგამოძიებო ორგანოებს, მაგრამ ასეთის არსებობის შემთხვევაში, მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.
აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა რვა. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.