სპეციალური პენიტენციური სამსახური ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ყალბს უწოდებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ყალბს უწოდებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N8 პენიტენციურ (გლდანის) დაწესებულებაში 30-მდე პატიმარი ამნისტიის მოთხოვნით პარლამენტთან გამართულ აქციას უერთდება და ამ მოთხოვნით შიმშილობს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და აქციის ორგანიზატორთა მხრიდან სავარაუდოდ, აქციაზე მეტი ადამიანის მოსაზიდად გამიზნული ქმედება.

„სინამდვილეში, დღეის მდგომარეობით, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ხუთი მსჯავრდებული (ორმა მათგანმა შიმშილობა 14 სექტემბერს, ორმა – 15 სექტემბერს, ხოლო ერთმა – 16 სექტემბერს გამოაცხადა) და ერთი ბრალდებული (რომელმაც შიმშილობა 16 სექტემბერს გამოაცხადა) შიმშილობს. ხუთივე მსჯავრდებულის მიერ შიმშილობის გამოცხადების მიზეზი არის მათ მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომელსაც ისინი არ ეთანხმებიან. ხოლო ბრალდებულის მიერ შიმშილობის დაწყების მიზეზი არის სასამართლო პროცესის დროულად ჩანიშვნის სურვილი და, ბრალდებულის თქმით, მისი დაკავების უკანონობა.

აქვე, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, არ გაავრცელონ მსგავსი ყალბი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, მითუმეტეს ისეთი, რომელმაც შესაძლოა პატიმართა ოჯახების შეშფოთება ან პენიტენციური დაწესებულების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი