ალექსანდრე კობაიძე - დაზიანებების აღმოჩენის შემდეგ ბრალის წარდგენა არ ხდება, აუცილებელია სხვადასხვა ექსპერტიზა
ალექსანდრე კობაიძე - დაზიანებების აღმოჩენის შემდეგ ბრალის წარდგენა არ ხდება, აუცილებელია სხვადასხვა ექსპერტიზა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქმის ფიგურანტ არც ერთ პირს არ აქვს წარდგენილი ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით.

ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, საქმეზე უნდა ჩატარდეს ტრასოლოგიური, ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზა, რაც ნათელს მოჰფენს, განახორციელა თუ არა პირმა ან პირთა ჯგუფმა შაქარაშვილზე რამე ფორმით ფიზიკური ზეწოლა.

„ამ ეტაპზე ჯერ ბრალი არავის აქვს წარდგენილი დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით. რაც შეეხება, თუ როგორ შეიძლება სხვა პირების მიმართ ბრალი იქნეს წარდგენილი და გამოკვეთა მოხდეს სხვა პირების შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით, უკვე სხვადასხვა ექსპერტიზას უნდა დაველოდოთ. უნდა ჩატარდეს ტრასოლოგიური, ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზა. ექსპერტიზა ნათელს მოჰფენს განახორციელა თუ არა პირმა ან პირთა ჯგუფმა შაქარაშვილზე რამე ფორმით ფიზიკური ზეწოლა. ამ ეტაპზე გამორიცხულია, რომ ვინმეს ნაწილში გადაკვალიფიცირდეს მუხლი. დაზიანებების აღმოჩენის შემდეგ რომ ვინმეს ბრალის წარდგენა და დადანაშაულება მოხდეს, ასეთი რამე არ ხდება სამართლებრივ სისტემაში. ამიტომ აუცილებელია სხვადასხვა ექსპერტიზები, ანუ ბიოლოგიური შემხებლობა თუ იყო, ტრასოლოგიური შემხებლობა თუ იყო უნდა დადგინდეს ამ პასუხებით. მე მაქვს მოლოდინი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ არ დამძიმდება რამე ფორმით ბრალეულობა. რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედების მოლოდინს, მოგეხსენებათ, ნებისმიერი ქმედება უკვე ჩვენი მხრიდან შეფასებულია, როგორც არაადეკვატური მიდგომა იმიტომ, რომ ეს საქმე სამართლებრივ ჩარჩოს გასცდა“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

დატოვე კომენტარი