ალექსანდრე კობაიძე - 18 ტომის მასალებიდან გამომდინარე, გამოვრიცხავ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი დაუმძიმდეთ
ალექსანდრე კობაიძე - 18 ტომის მასალებიდან გამომდინარე, გამოვრიცხავ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი დაუმძიმდეთ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ საქმის მასალების თვრამეტი ტომი გადაეცათ და შესწავლის პროცესში არიან.

„გამოკითხული მოწმეებიდან გამოიკვეთა ასეთი ფაქტი, როდესაც შესაძლო დანაშაული მოხდა, აღნიშნულ ადგილზე სამი ავტომობილი გამოჩნდა ორის ნახევარზე – „ტოიტა პრიუსი“, „ლექსუსი“ და „ჰიუნდაი“. აქამდე ეს იყო უცნობი და ახლა უკვე დადასტურებელი ფაქტია, რომ სამი ავტომანქანა მივიდა აღნიშნულ ადგილას.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ეს ადამიანები არ საუბრობენ გულწრფელად იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა რეალურად. ყველა ამ მანქანის მძღოლი და მანქანებში მსხდომები საუბრობენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, რა მოხდა. მათი თქმით, მეგობარმა სთხოვათ, რომ უნდა წასულიყვნენ და წავიდნენ მეგობრის წამოსაყვანად. არარელევანტურია მათი ჩვენებები. არ ვიცი, რით არის განპირობებული ეს, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი არ საუბრობენ სიმართლეს. ეს არის ე.წ. საბურთალოს მხარე, ვისზეც ვსაუბრობ და უკვე ის ეჭვი, რომ ვიღაც ვიღაცას მფარველობს, უკვე წარმოუდგენლად მიმაჩნია. საბურთალოს მხარე წესით არის დაპირისპირებული მხარე და აქედან გამომდინარე, წესით, მათ უნდა ილაპარაკონ სიმართლე, მაგრამ არც ისინი საუბრობენ“, – აცხადებს კობაიძე.

კითხვაზე, ეს მანქანები ჩხუბში მონაწილეობისთვის ავიდნენ თუ არა, ადვოკატი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ამისთვის იყვნენ ასული.

„შესაძლებელია, რომ გარკვეულწილად ამისთვის ასულიყვნენ. ამის რეალური სურათი ჩანს. ყოველ შემთხვევაში, სამი მანქანა და ამ მანქანებში მსხდომი ადამიანები მე მიჩენს ეჭვს და ამის ვარაუდის საფუძველს. ახვლედიანი და კიდევ ერთი წამოიყვანა ამ სამი ავტომობილიდან ერთმა, ვსაუბრობ ქათამაძეზე და ახვლედიანზე. თუმცა ახვლედიანი არ საუბრობდა არც ერთ პირთან, იქ რა მოხდა. ყველა იძახის, ვინც მანქანაში ისხდა, რომ არ უთქვამთ არაფერი, არც შაქარაშვილთან და არც ჩხუბთან დაკავშირებით უსაუბრიათ“, – აცხადებს კობაიძე.

ამასთან, კითხვაზე, ელოდება თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის ბრალის დამძიმებას, ადვოკატი აცხადებს, რომ 18 ტომის მასალების მიხედვით, მათი პირდაპირი ან რაიმე სახის შემხებლობა გიორგი შაქარაშვილთან მტკიცებულებებით არ დასტურდება.

„გენეტიკურ ექსპერტიზას ველოდებით და ჯერ პასუხი არ არის. მე სამართლებრივად გამოვრიცხავ, რომ ბრალი დაუმძიმდეთ, მაგრამ პროკურატურას რა სურვილი ექნება და რა სტრატეგიას აიღებს, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ალქესანდრე კობაიძემ.