ალექსანდრე კობაიძე - იმედი მაქვს, სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას არც ერთ სპორტსმენზე არ გამოიყენებს, საქმის მასალებში ბრალეულობა არ დასტურდება
ალექსანდრე კობაიძე - იმედი მაქვს, სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას არც ერთ სპორტსმენზე არ გამოიყენებს, საქმის მასალებში ბრალეულობა არ დასტურდება

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული სპორტსმენების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს იმედი აქვს, რომ მოსამართლე არც ერთი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას არ გამოიყენებს.

როგორც კობაიძე ამბობს, საქმის მასალებით მისი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობა არ დასტურდება.

„მქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო უწყება არ იმოქმედებდა ისე ქაოსურად, როგორც უკვე იმოქმედა. მქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო ორგანო მოწოდების სიმაღლეზე იქნებოდა, თუმცა სამწუხაროდ, მივიღეთ, ცუდი რაღაც. ამ უბედურებას კიდე 17 ადამიანის უბედურება ემატება. საქმის მასალებში არსად არ დასტურდება ბრალეულობა. მიმაჩნია, რომ უსაფუძვლოა დაკავება და იმედს გამოვთქვამ, რომ დღევანდელი სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას არც ერთ სპორტსმენზე და არც ერთ ადამიანზე არ გამოიყენებს.

იმედი მაქვს, ეს საქმე არ იქნება პოლიტიზებული და იქნება სამართლებრივ ჩარჩოში ჩამჯდარი. აქ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ მოწმე გურო საუბრობს, რომ არანაირი იძულება არ განუხორციელებიათ იმ პირებს, რომლებიც „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანაში ისხდნენ. არანაირ იძულებას ადგილი არ ჰქონიაო. ამ ვიდეო ჩანაწერში რამდენიმე წამი ჩერდება მანქანა, ხიდის ქვეშ არ ჩასულა მანქანა, მხოლოდ მაშინ ჩავიდა, როდესაც გურო ჩაისვეს და წავიდნენ“,- განაცხადა კობაიძემ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 17 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.