ადვოკატი - მიხეილ კალანდია ემოციურად ძალიან გადატვირთულია, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს
ბრალდების იმ ფორმულირებაში, რაც ზეპირსიტყვიერად ვიცით, მიხეილ კალანდია თავს დამნაშავედ არ ცნობს, – ამის შესახებ დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ანა კოტეტიშვილმა დაკავებულის მთავარ სამმართველოში მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, კალანდიასთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენა ხვალ მოხდება.
„მოვინახულე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც თავს მეტნაკლებად ნორმალურად გრძნობს. ვისაუბრეთ მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, მოვემზადეთ პროცედურებისთვის, რასაც კანონმდებლობით გავივლით ამ ორი დღის განმავლობაში.
ბრალდების იმ ფორმულირებაში, რაც ზეპირსიტყვიერად ვიცით, ის ბუნებრივია, თავს დამნაშავედ არ ცნობს. ხვალ ოფიციალურად მოხდება ბრალის წარდგენა და ამის შემდეგ გეტყვით, კონკრეტულად რას არ ვეთანხმებით.
ემოციურად ძალიან გადატვირთულია, არც თუ ისე პატარა ბრალდებაა მის მიმართ. წარდგენილი ბრალდება არც ერთი მტკიცებულებით არ დადასტურება”, – განაცხადა ანა კოტეტიშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით დღეს დააკავა. მას ბრალად ედება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენა.