თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მენაბდისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მენაბდისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მენაბდისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

ბრალდების მხარე, მენაბდისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროკურორის განცხადებით, გამოძიება არც ერთ ეტაპზე არ შეჩერებულა და გიორგი მენაბდეს ბრალი საკმარისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებებს შორის არის  საქმეზე მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის ჩვენებაზეც.

რაც შეეხება ადვოკატს, დავით დადიანის თქმით, გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთი პირის ჩვენება მტკიცებულებების ერთობლიობად ჩაითვალოს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით, კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე გუშინ დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა გიორგი მენაბდემ, გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. მენაბდეს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს, გასამართლდნენ გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.