დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე მენაბდის პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე მის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

პროკურორის მთავარი არგუმენტი საქმეში არსებული მტკიცებულებები, ბრალდებულის შესაძლო მიმალვა და მოწმეებზე სავარაუდო ზეგავლენა იყო.

ადვოკატ დავით დადიანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი ბარბაქაძის ჩვენებაა, რომელმაც საგამოძიებო უწყებას რამდენიმე წლის შემდეგ განსხვავებული ჩვენება მისცა. დავით დადიანი ამბობს, რომ ეს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი არ არის.

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 20 მაისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით, კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე გუშინ დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა გიორგი მენაბდემ, გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. მენაბდეს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს, გასამართლდნენ გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

დატოვე კომენტარი