ადვოკატი - მალხაზ კობაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოვითხოვთ
ადვოკატი - მალხაზ კობაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოვითხოვთ

მალხაზ კობაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოვითხოვთ, რადგან ახალი არაფერი წარმოუდგენია პროკურატურას, – ამის შესახებ ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით,  პროკურატურამ აბსოლუტურად შეცვალა ბრალდება და კობაურს სხვა მოტივებზე დაყრდნობით წარუდგინა ბრალდება.

„ეს ძალიან საინტერესოა, რადგან ჩვენ აქამდე ვაპელირებდით, რომ კობაური ვერ ჩაიდენდა აღნიშნულ დანაშაულს. ახლა პროკურატურა ცდილობს, დაალაგოს შეცდომე, რომელიც მას გაეპარა ბრალდების წარდგენის დროს. მიგვაჩნია, რომ ახლა წარმოდგენილი ვერსია უფრო უსუსურია. არ არსებობს საფუძველი, რომ მოსამართლემ რაიმე ფორმით გაიზიაროს და დაუმტკიცდეს ბრალი. ჩვენ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოვითხოვთ, რადგან ახალი არაფერი წარმოუდგენია პროკურატურას. მოვიდა დნმ-ის პასუხები, რასაც ასე ველოდით. პასუხების მიხედვით დასტურდება, რომ კობაურს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია გარდაცვლილ ლორა სმიტთან. ასევე დასტურდება, რომ კობაური ვერ შეძლებდა იმ რელიეფში გვამების გადაადგილებას“, – განაცხადა კობაურის ადვოკატმა.

ხადას ხეობაში ტურისტული მიზნით მყოფი რაიან მაიკლ სმიტის, ლორა ჯოი სმიტისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურს ბრალდება რამდენიმე დღის წინ დაუმძიმდა.

პროკურატურის ინფორმაციით, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითდა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.