ადვოკატი - ლევან ჯიბღაშვილი აღიარებს, რომ დაკავების პროცესში ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა
ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი აღიარებს, რომ დაკავების პროცესში ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ ჯიბღაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ, აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი კი, სავარაუდოდ ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
„ექსპერტიზის დასკვნებს და სხვა მტკიცებულებებს ბრალის წარდგენის შემდეგ გავეცნობი. წინასწარი პოზიცია არის ის, რომ მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. ლევან ჯიბღაშვილი ამბობს, რომ რა თქმა უნდა, ჰქონდა გარკვეული ნივთიერება. თუ რა ნივთიერება იყო და როგორ აღმოჩნდა მასთან, ამაზე გამოძიებას განმარტება მივეცით და ჩვენებასაც მისცემს ოფიციალური დაკითხვის დროს“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისი ინფორმაციით, ლევან ჯიბღაშვილი ორთაჭალაში, საკუთარ ავტომობილში დააკავეს.
ამირან გიგუაშვილის თქმით, ჩატარდა კანონით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ჩხრეკა და გამოძიებას რაიმე დამატებითი კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოუღიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.