ადვოკატი - Birja Mafia-ს შემთხვევა არის მაგალითი, როგორ უნდა მოიქცეს პროკურორი
რეპჯგუფის, Birja Mafia-ს წევრის, გიორგი ქებურიას ადვოკატმა დღეს პრესკონფერენეცია გამართა, სადაც პროკურატურას ობიექტურობისთვის მადლობა გადაუხადა. გაგი მოსიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის, გიორგი ქებურიას შემთხვევა კლასიკური მაგალითია, როგორ უნდა მოიქცეს ზედამხედველი პროკურორი, როდესაც დანაშაული არ დასტურდება.
“მეექვსე თვეა დაწყებული, რაც გამოძიება მიმდინარეობდა ქალაქ თბილისის პროკურატურაში. დაცვის მხარემ მოვიპოვეთ ის ინფორმაცია, რომელიც გიორგი ქებურიას მიერ მიცემულ ჩვენებას ეხებოდა. გიორგი ქებურია დაკავებული იყო ყაზბეგის ქუჩაზე. ამოვიღეთ ვიდეოები სასამართლოს განჩინებით, რომლითაც დასტურდებოდა მისი უდანაშაულობა. მინდა პტოკურატურას მალდობა გადავუხადო, დადგინდა ქებურიას უდანაშუალობა, რის გამოც შეწყდა საქმის წარმოება მის მიმართ. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ უნდა მოიქცეს ზედამხედველი პროკურორი, როდესაც დანაშაული არ დასტურდება. იმედი მაქვს, ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებს ობიექტურობას პროკურატურა. რაც შეეხება პოლიციელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენას გიორგი ქებურიას მიმართ, იმედი მაქვს, პროცესები ობიექტურად წარიმართება”, -აღნიშნა ადვოკატმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ რეპჯგუფის, Birja Mafia-ს წევრის, გიორგი ქებურიას წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა.
პროკურატურა ქებურიას 2,3342 გრამი MDMA-ის შეძენა-შენახვას ედავებოდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ჩატარდა. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
გიორგი ქებურია ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, რეპერ მიშკა მგალობლიშვილთან ერთად, 7 ივნისს დააკავეს და მალევე, 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სააპელაციო სასამართლოდან გაათავისუფლეს. რეპჯგუფის წევრები მათ დაკავებას იმ პერიოდში გადაღებულ კლიპს უკავშირებენ, სადაც პოლიციაა გაშარჟებული.