ადვოკატი - „ბასიანის“ ინციდენტზე ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და უნდა, რომ გაირკვეს სიმართლე
ადვოკატი - „ბასიანის“ ინციდენტზე ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და უნდა, რომ გაირკვეს სიმართლე

კლუბ „ბასიანის“ ინციდენტის დროს ბრალდებულის ადვოკატი ზაზა მესხი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებულის მიმართ სასამართლომ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გირაოთი გაათავისუფლა.

„ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, რასაც ჩვენ არ დავეთანხმეთ. მოვითხოვეთ გირაოს სახით 20 000 ლარი, მაგრამ სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა როგორც ჩვენი, ასევე ბრალდების მხარის მოთხოვნა და გირაოს სახით 30 000 ლარი შეუფარდა. ამის შემდეგ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გათავისუფლდა პატიმრობიდან, რაც ჩემი აზრით, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებაა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული არ არის ნასამართლევი და რომ მას პირველად აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან შეხება.

„იგი არ არის ნასამართლევი, პირველად აქვს შეხება სამართალდამცავ ორგანოებთან, აღიარებს ჩადენილ ქმედებას. იგი არ დაემალება გამოძიებას, ზეგავლენას არ მოახდენს არც მოწმეებზე და არც საქმის მასალების განადგურებაზე. პირიქით, ის აღიარებს დანაშაულს და უნდა, რომ გაირკვეს სიმართლე. მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და მიმალვის საფრთხე არ არსებობს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო “, – განაცხადა ადვოკატმა ზაზა მესხმა.

ბრალდებული სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, რასაც ბრალდების მხარე ასაჩივრებს.