ადვოკატი - ანატოლი ბერძენიშვილი თურქეთში ნოემბრის დასაწყისში ერთი დღით იმყოფებოდა
სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სხდომა დღეს, 15:30 საათზე დაინიშნა.
როგორც პირველ არხს დაკავებულის ადვოკატმა მაია სირაძემ განუცხადა, დაცვის მხარე მოსამართლეს სხდომის ერთი დღით გადადებას სთხოვს, რადგან ადვოკატები ჯერ ბოლომდე ვერ გაეცნენ საქმის მასალებს, რომელიც 19 ტომისგან შედგება.
მაია სირაძის განცხადებით, დაცვის მხარე ბერძენიშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს და სასამართლოს ალტერნატივად გირაოს შესთავაზებს. რაც შეეხება თანხის ოდენობას, ადვოკატის თქმით, ეს ჯერ უცნობია.
რაც შეეხება დაკავებულის თურქეთში ყოფნის საკითხს, ადვოკატის თქმით, ანატოლი ბერძენიშვილი, ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში, ხშირად დადიოდა თურქეთში. მისივე თქმით, ბერძენიშვილი თურქეთში ბოლოს ნოემბრის დასაწყისში, ერთი დღით იმყოფებოდა.
სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალი 331-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ის სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. გამოძიების ცნობით, დაკავებულმა ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევსა და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.