ჩატაევის დახმარების ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს
ჩატაევის დახმარების ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

ტერორიზმის დაფინანსებისთვის დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.

დაკავებულის ადვოკატი და პროკურორი ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფებიან. ბერძენიშვილს ბრალს, სავარაუდოდ, 331-ე მუხლის მე-3 ნაწილით წაუყენებენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სწორედ ამ მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

მათი ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.

დაკავებულის ადვოკატის თქმით, დაკავებული ისევ დუმილის უფლებით სარგებლობს. მაია სირაძის განცხადებით, ანატოლი ბერძენიშვილს ნამდვილად ჰქონდა ნაცნობობა ერთ-ერთ დაკავებულთან, ხიზირ მარგოშვილთან და ის მისი ბავშვობის მეგობარია.

სირაძის თქმით, სახაზინო ადვოკატმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და დაკავებული თემირლან მაჩალიკაშვილს არ იცნობდა.

ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების დახმარების ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გუშინ თბილისში, საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა.