დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, ანატოლი ბერძენიშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხი სასამართლომ 72 საათში განიხილოს
დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, ანატოლი ბერძენიშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხი სასამართლომ 72 საათში განიხილოს

დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი სასამართლომ 72 საათში განიხილოს, – ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა ინგა ბოლოთაურმა ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა. ბერძენიშვილის ადვოკატები ბრალდებულს საქმის მასალებს ე.წ. მოდულის შენობაში 3 საათის განმავლობაში აცნობდნენ.

როგორც ბოლოთაურმა აღნიშნა, საქმის მასალები, რომლებიც დაცვის მხარეს გადაეცა, საკმაოდ მოცულობითია, ამიტომ რამდენიმე საათში პოზიციას ვერ მოამზადებენ.

„ჩვენ ვიყავით შესული ბრალდებულ ანატოლი ბერძენიშვილთან, გავაცანით საქმის მასალები, ერთი ტომი. მისი ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები იმ ტომში, რომელსაც გავეცანით, ვერ ვნახეთ, ბერძენიშვილი ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. ის დუმილის უფლებას იყენებს“, – აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი ინგა ბოლოთაური.

სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალი 331-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ის სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევსა და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.

ბრალდებულის ადვოკატების განმარტებით, დაკავებული აღიარებს, რომ ჩატაევს იცნობდა, თუმცა, 2013 წლიდან მასთან არანაირი, მათ შორის არც სატელეფონო, კავშირი ჰქონია.

კანონის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან 24 საათში სასამართლომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს, თუმცა ადვოკატები მოცულობითი საქმის მასალების გამო, ამ ვადის 72 საათამდე გახანგრძლივების მოთხოვნით შუამდგომლობის დაყენებას გეგმავენ.