ჩატაევის დახმარების ბრალდებით დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
ჩატაევის დახმარების ბრალდებით დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ გუშინ დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალი 331-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17-დან 20-წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული ე.წ. მოდულის შენობაში მისმა ადვოკატმა, მაია სირაძემ მოინახულა. მისი განცხადებით, ბერძენიშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

კანონის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან 24 საათში სასამართლომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევსა და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.