ადვოკატი აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავამ ჰონორარი არ გადაუხადა, ამიტომ თვითაცილებას ითხოვს
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი კობა კობახიძე თვითაცილებას ითხოვს. როგორც კობახიძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ფირცხალავამ ჰონორარი არ გადაუხადა.
„ადვოკატს უნდა ჰქონდეს თავისი მოტივაცია. მესმის, ციხეში თანხები ვერ მოიძიე. მე აქ მოვდივარ, დროს ვკარგავ, ოჯახი მყავს“, – განაცხადა ადვოკატმა.
როგორც საქმის პროკურორმა განმარტა, ადვოკატის აცილება შესაძლოა პროცესის გაჭიანურებას უკავშირდება და ამას სამართლებრივი საფუძვლები უნდა ჰქონდეს.
ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ რამდენიმე დღე ითხოვა, რათა თანხა მოიძიოს და ახალი უფლებადამცველი აიყვანოს.
„მე სამართლებრივი განათლება გამაჩნია, საკმარისად მიმაჩნდა, რომ ამ საქმეში ეს ჩემი განათლება გამომადგება. ამ ეტაპზე რაც მოხდა, მითუმეტეს ახლა, ამ ექსპერტიზის ნაწილში, დამჭირდება დახმარება. ამიტომ მომეცით რამდენიმე დღე, თუ მოვიძიებ თანხებს, აქ იქნება ჩემი გამომსვლელი. შემდეგი სხდომისთვის მოგახსენებთ ამას“, – განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.