ტაიმაუტი | ირაკლი ფირცხალავა - რებროვთან ვმეგობრობ, ხარაიშვილსა და დვალზე აზრი მკითხა #1TVSPORT
ტაიმაუტი | ირაკლი ფირცხალავა - რებროვთან ვმეგობრობ, ხარაიშვილსა და დვალზე აზრი მკითხა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ცნობილმა მომღერალმა ირაკლი ფირცხალავამ ეროვნულ ლიგაში საკუთარი ფავორიტები დაასახელა.

„საქართველოს ჩემპიონატში ბათუმის და თბილისის „დინამოს“ თამაშებზე დავდივარ. იმედია, გავიზარდებით ფინანსების გარდა, მენეჯმენტის გაუმჯობესება გვინდა“, – ამბობს ფირცხალავა.

ცნობილმა მომღერალმა თბილისის „დინამოს“ 13 მაისის წარმატება გაიხსენა:

„4 წლის ვიყავი, როდესაც „დინამომ“ თასების თასი მოიგო, მაგრამ 13 მაისი ძალიან კარაგად მახსოვს. ეს საღამო ქართული კარნავალი იყო, თბილისი რიოს დაემსგავსა. ეს იყო რაღაც სასწაული, მეზობლების ყვირილი და სიხარული. იმედია, ეს ადრე თუ გვიან გამეორდება“.

ფირცხალავას თქმით, რამდენჯერმე საფეხბურთო აგენტობა შეითავსა:

„ერთი-ორჯერ მოთამაშეებს დავეხმარე, მაგრამ მენეჯერის პროფესიის დაწყება არასოდეს მიფიქრია. საქმე პროფესიონალმა უნდა გაკეთოს, ასე კარგად ფეხბურთში ვერ ვერკვევი. თუმცა, ბევრ მწვრთნელს ვიცნობ და ვმეგობრობ – სერგეი რებროვს „ფერენცვაროშში“, ანდრეი ვორონინს მოსკოვის „დინამოში“. შემიძლია ვუთხრა, ეს ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და ყურადღება მიაქციეო, მაგრამ აგენტი გავხდე – არა! სხვათა შორის, რებროვი ხარაიშვილზე შემეკითხა, რას ფიქრობო. რას ქვია, რას ვფიქრობ-მეთქი?! დვალზეც შემეკითხა, სანამ კონტრაქტს გააფორმებდა“.

მან საქართველოში ფეხბურთის მდგომარეობაზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა:

„სანამ ბიუჯეტი იქნება 2 მილიონი, გუნდი ვერსად ვერ გავა. ეს ზღაპარია, ამის არ უნდა გვჯეროდეს. იმედი გვაქვს, მაგრამ ფული უნდა ჩაიდოს, რადგან არ ვიცი ევროტურნირის მონაწილე გუნდი, რომელსაც ასეთი პატარა ბიუჯეტი აქვს. პლუს, ბავშვთა ფეხბურთში მოედნები თანამედროვეობის შესაფერისი უნდა იყოს და არა – 80-იანების დონის. მწვრთნელებს თანამედროვე მოთხოვნები უნდა ვასწავლოთ, რადგან ევროპაში სულ სხვა მოთხოვნაა – ჩემი ბავშვები დადიოდნენ და ვიცი. ამ კუთხით რუსეთი, საქართველო და ევროპა სამი განსხვავებული დონეა. სამწუხაროდ, ჩვენ უკან ვართ“.

მან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასულ გუნდებზე ილაპარაკა:

„ოთხივე ძლიერი გუნდია, მაგრამ მე უფრო ესპანური სტილი მიყვარს. თბილისამდე ოჯახი ბარსელონაში ვცხოვრობდით, სადაც თამაშს არ ვაცდენდით. ჩემი უფროსი ბიჭი „ბარსელონას“ აკადემიაშიც თამაშობდა. მადრიდის „რეალი“ დიდი გუნდია და მისი სტილი ძალიან მომწონს, მაგრამ მბაპე გასაოცარი ფეხბურთელია და გამიხარდება, ამ წყვილში პსჟ თუ მოიგებს. გამიხარდება, თუ ფინალში „სიტი“ გავა და ფინალში ზიდანი და გვარდიოლას დაპირისპირება იქნება. დღევანდელ „ბარსელონას“ ფინანსური პრობლემები ჰქონდა და სხვა შანსი არ იყო, ახალგაზრდები ამიტომ დააწინაურეს. ვერ ვიტყვი, რომ კუმანის „ბარსელონა“ მომწონს. ეს „ბარსელონა“ აღარაა. მესიზე აქცენტი აღარაა“.