ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით შეღავათების დაწესება იგეგმება
საქართველოს მთავრობა ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით შეღავათების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ სამთავრობო პროგრამაში – „თავისუფლება, კეთილდღეობა, სწრაფი განვითარება“ არის საუბარი, რომლითაც მინისტრთა განახლებული კაბინეტი პარლამენტის წინაშე დღეს წარდგება.
ქართული წარმოების ნატურალური რძე და რძის ნაწარმი დამატებული ღირებულების გადასახადისაგან სრულად გათავისუფლდება, ჩათვლის უფლებით. დღგ-საგან ჩათვლის უფლებით იგეგმება ფარმაცევტული საწარმოს მიერ წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდების გათავისუფლებაც.
პროგრამაში აღნიშნულია, რომ ამ გზით, საგრძნობლად შემცირდება იმპორტირებული საქონლის უპირატესობა ადგილობრივის მიმართ. ასევე დაგეგმილია, რომ გადამხდელებს, რომელთაც არ უფიქსირდებათ აქტივობები, სრულად ჩამოეწეროთ 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანების თანხა.
ახალი სამთავრობო პროგრამით მთავრობის წევრობის კანდიდატებს დღეს პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტებზე, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში უსმენენ. ხვალ კი, ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს.
საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად გუშინ წარედგინა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.