პარლამენტში მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ
პარლამენტში მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დამტკიცდა.

მთავრობის წევრობის კანდიდატებსა და სამთავრობო პროგრამას დღეს გაერთიანებულ კომიტეტებზე, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში მოუსმენენ.

რაც შეეხება კომიტეტების და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში განხილვებს, დამტკიცებულია შემდეგი გრაფიკი – 10:00 საათიდან ხუთი გაერთიანებული კომიტეტი მოუსმენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა მინისტრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატებს.

ასევე, პარალელურად გაიმართება სოციალური ბლოკის მოსმენა. გაერთიანებულ კომიტეტზე მოუსმენენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატს, ასევე კულტურისა და სპორტის მინისტრობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატებს.

11:00 საათზე ასევე გაიმართება ორი პარალელური მოსმენა. ამ შემთხვევაშიც ბლოკებად იქნება დაყოფილი კომიტეტები და სამინისტროები. ოთხი გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ ექვსი მინისტრობის კანდიდატს. ესენია: იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებ​ისა და პრობაციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატები, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი.

ასევე, 11:00 საათზე სამი გაერთიანებული კომიტეტი ერთობლივად მოუსმენს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს.

კომიტეტების ნაწილი, გრაფიკის მიხედვით, დასრულდება 12:00 საათზე და შემდეგ დაიწყება პოლიტიკური ჯგუფების ნაწილი.

მთავრობის წევრობის კანდიდატებს 12:00 საათზე საპარლამენტო უმრავლესობა მოუსმენს, ასევე მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენლები (13:30 საათი).

14:30 საათზე მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმენს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“და ბოლოს საპარლამენტო უმცირესობა (15:30).

ამის შემდეგ, 17:00 საათზე გაიმართება პარლამენტის ბიუროს სხდომა.

20 ივნისს კი ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მოთხოვნა უკვე გაუგზავნა.

საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად გუშინ წარედგინა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.