სტრუქტურული ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება
სტრუქტურული ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება

სტრუქტურული ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებსა და მცირე მთავრობის კონცეფციაზე მამუკა ბახტაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა,  სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება,  ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს სამინისტროები არ დაკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ სტრუქტურული ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.

მისივე თქმით, მთავრობის კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას, ეს არის კონცეფცია, თუ რა წილი უნდა ჰქონდეს მას მთლიან შიდა პროდუქტში, მთლიან ეკონომიკაში.

მამუკა ბახტაძის თქმით, მცირე მთავრობის კონცეფცია გულისხმობს მთავრობის ზომის შემცირებას ეკონომიკასთან მიმართებაში.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, გამოთავისუფლებული თანხებით, მომავალში საშუალება იქნება, საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა, 100-120 მილიონი ლარის ფარგლებში, სოციალურ პროგრამებზე დაიხარჯოს. 

ამასთან, სწორედ მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების გამო, მამუკა ბახტაძემ შესთავაზა პარლამენტს, რომ მთავრობის შემადგენლობა დეტალურად განიხილონ მას შემდეგ, რაც მთავრობის ახალი სტრუქტურა იქნება წარდგენილი.

„ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივით, მას შემდეგ, რაც პარლამენტში დასრულდება ნდობის პროცედურა, პირველ შემთხვევაში აუცილებლად წარვსდგებით, რომელიც შეეხება ექვს სამინისტროს. მინდა გთხოვოთ, რომ ამ ეტაპზე დაველოდოთ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას. მესმის, რომ ზედმეტ ფორმალიზმს უკავშირდება, მაგრამ არსებობს კონსტიტუცია, არსებობს კანონი, მას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. თქვენ რომ გაგცეთ დროულად პასუხი, ისევე როგორც საზოგადოებას გავცე დროულად პასუხი, ამიტომ ვთხოვ პარლამენტს და მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს, რომ ამ ეტაპზე ეს გავიაროთ შემჭიდროვებულ ვადებში. შემდეგ, როდესაც წარმოვადგენ ახალ მინისტრთა კაბინეტს შემცირებული რაოდენობის სამინისტროებით, იქ განვიხილოთ დეტალურად საკითხები”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ განახლებულ მინისტრთა კაბინეტში აუცილებლად იქნება ახალი სახეები.