მამუკა ბახტაძე - მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები საშუალებას მოგვცემს, 100-120 მილიონი ლარი მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამებზე დაიხარჯოს
მამუკა ბახტაძე - მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები საშუალებას მოგვცემს, 100-120 მილიონი ლარი მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამებზე დაიხარჯოს

მთავრობის კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას, ეს არის კონცეფცია, თუ რა წილი უნდა ჰქონდეს მას მთლიან შიდა პროდუქტში, მთლიან ეკონომიკაში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, მცირე მთავრობის კონცეფცია გულისხმობს მთავრობის ზომის შემცირებას ეკონომიკასთან მიმართებაში.

მისივე განცხადებით, გამოთავისუფლებული თანხებით, მომავალში საშუალება იქნება, საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა, 100-120 მილიონი ლარის ფარგლებში, სოციალურ პროგრამებზე დაიხარჯოს.

„მთავრობის კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას, ეს არის კონცეფცია, თუ რა წილი უნდა ჰქონდეს მას მთლიან შიდა პროდუქტში, მთლიან ეკონომიკაში. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. წელს საორიენტაციოდ ჩვენი ხარჯები ამ მიმართულებით იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის 4,2, 4,3%. მცირე მთავრობის კონცეფცია გულისხმობს მთავრობის ზომის შემცირებას ეკონომიკასთან მიმართებაში ისე, რომ არ აღემატებოდეს 3,9%-ს.

თანხაში ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალში საშუალება მოგვეცემა, საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა, რომელიც არის 100-120 მილიონი ლარის ფარგლებში, მივმართოთ მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამებზე.

მინდა ხაზი გავუსვა, ვინაიდან გარკვეულწილად არის არასწორი სტერეოტიპი დანერგილი, რომ მცირე ზომის მთავრობა აუცილებლად ნიშნავს მხოლოდ მცირე რაოდენობის სამინისტროებს. ეს უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ეკონომიკაში ხარჯების წილს. შესაბამისად, ჩვენი პროგრამის ფარგლებში ამას დავაფიქსირებთ, თუ რა უნდა იყოს ზედა ზღვარი, რომელიც იქნება ხარჯების ნაწილში გათვალისწინებული და შესაბამისად, ის გამოთავისუფლებული თანხები როგორი მიმართულებით და რა პრიორიტეტებით დაიხარჯება, რომელიც ჩვენი შეხედულებით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა მოიცავდეს სოციალურ მიმართულებებს“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას და მის პროგრამას, რომლის მთავარი პრინციპი მცირე მთავრობის კონცეფციაა, რაც თავის თავში გულისხმობს მოქნილ და ეფექტურ სამთავრობო სტრუქტურებს.

მისივე თქმით, დროის დაზოგვის მიზნით საპარლამენტო გუნდს შესთავაზა, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა შემდეგი ორი დღის განმავლობაში შედარებით შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა.  მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ის პარლამენტში საკუთარი ხედვით წარდგება და დაასახელა ოთხი ძირითადი პრინციპი, რასაც მისი ხედვა ეფუძნება.  ოთხიდან ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი განათლებას, ინოვაციას და ახალგაზრდობას ეხება. მისი თქმით, განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმა საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება.