მამუკა ბახტაძე - მადლობა ნდობისთვის, ეს არის დიდი პატივი, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა
მამუკა ბახტაძე - მადლობა ნდობისთვის, ეს არის დიდი პატივი, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა

მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს და მის ხელმძღვანელს გამოცხადებული ნდობისთვის. ეს არის მართლაც დიდი პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში წარდგება თავისი ხედვით, რომელიც რამდენიმე პრინციპზე იქნება დაფუძნებული.

„პარლამენტში წარვდგები ჩემი ხედვით, რომელიც დამყარებული იქნება შემდეგ ძირითად პრინციპებზე:

პირველი – ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია.  ამ კუთხით „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი წარმატებები და ამ წარმატებებს სჭირდება გაღრმავება და განმტკიცება.

მეორე – ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა საჭირო მიმართულებით. ამ რეფორმების შედეგად, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ახალ, ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, რომელიც შეეხება თითოეულ ქართულ ოჯახს, ჩვენ ყველა მოქალაქეს. ჩვენ შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის. ბუნებრივია, გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას.

მესამე  – არის მცირე მთავრობის კონცეფცია, საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ამავე დროს, მოქნილი და ეფექტიანი სამთავრობო უწყებები. ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიმაჩნია გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ამ უწყებებზე, ამავე დროს, ანტიკორუფციული ხაზით.

მეოთხე, რომელიც მინდა პირდაპირ გითხრათ, არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი – ეს არის განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა. სწორედ მოტივირებული, განათლებული, სამეწარმეო ენთუზიაზმით აღსავსე და რაც მთავარია, თავიანთ შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს იმ შედეგს, რასაც ჰქვია საქართველოს ჩართვა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგში.

სწორედ ასეთი საქართველო არის ერთადერთი და უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ დავბრუნდეთ ერთიან ოჯახში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე წარადგინა.