მამუკა ბახტაძე პარლამენტს სთავაზობს, მთავრობის შემადგენლობა დეტალურად განიხილონ მას შემდეგ, რაც მთავრობის ახალი სტრუქტურა იქნება წარდგენილი
მამუკა ბახტაძე პარლამენტს სთავაზობს, მთავრობის შემადგენლობა დეტალურად განიხილონ მას შემდეგ, რაც მთავრობის ახალი სტრუქტურა იქნება წარდგენილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე პარლამენტს სთავაზობს, მთავრობის შემადგენლობა დეტალურად განიხილონ მას შემდეგ, რაც პარლამენტში მთავრობის ახალი სტრუქტურა იქნება წარდგენილი.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარდგეს დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება.

„ჩვენ მიერ დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება. ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია და დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც შესაბამის დროს და პროცედურებს მოითხოვს. ჩვენთვის ნდობის გამოცხადება კანონით დადგენილ ვადებში, სამწუხაროდ, ვერ ესწრება. შედეგად ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობით მოსაპოვებლად უნდა წარვდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება. დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება, დასრულდება კონსულტაციები პარლამენტში, ეს პროცედურა – განხილვები კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე, ხელახლა უნდა გავიაროთ უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, დროის დაზოგვის მიზნით, საპარლამენტო გუნდს სთავაზობს, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა შემდეგი ორი დღის განმავლობაში შედარებით შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს.