მიხეილ სარჯველაძე - ძალიან მინდა, ვცდებოდე და აღმოჩნდეს, რომ ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული, თუმცა დიდი მოლოდინი არ მაქვს
მიხეილ სარჯველაძე - ძალიან მინდა, ვცდებოდე და აღმოჩნდეს, რომ ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული, თუმცა დიდი მოლოდინი არ მაქვს

ოპოზიციისგან ველოდებით სპეკულაციურ ინტერპრეტაციებს, უსაგნო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, გარკვეულ ანგაჟირებულ განცხადებებს, ყველაფერს, საქმიანი დისკუსიის გარდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძემ პარლამენტში დღეს დაგეგმილ სამთავრობო პროგრამის წარდგენის პროცედურაზე საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციის კონსტრუქციულობის იმედი არ აქვს.

„წარმოდგენილი იქნება სამთავრობო გუნდის შესახებ ინფორმაცია. იქიდან გამოჩნდება პროგრამაც, ხედვაც, ყველაფერი ეს იქნება. მომდევნო კვირა იქნება ძალზედ საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოების, პოლიტიკური წრეების ინტერესი ძალიან მაღალია ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მათთვის შეიძლება, იყოს ცალკეულ შემთხვევაში ყურადღებისა და ინტერესის ღირსი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მოლოდინი მაღალია და, იმავდროულად, რა თქმა უნდა, პოზიტიურია განწყობაც. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეიძლება, ოპოზიციამ კონსტრუქციულობა გამოავლინოს ამ პროცესთან მიმართებით, გულწრფელად რომ გითხრათ, მაღალი მოლოდინი მე პირადად არ მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ვცდებოდე და აღმოჩნდეს, რომ ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული და, იმავდროულად, თან კონკრეტულ საკითხებზე კონკრეტული ინფორმაციის მოძიებაზე ამ საკითხების ირგვლივ, გარკვევაზე, მსჯელობაზე ორიენტირებული. ობიექტურად, თუ რეალურად შევაფასებთ ვითარებას, ალბათ ასეთი მოლოდინის საფუძველი არ გვაქვს. როგორც ამ დრომდე, მთელი ამ წლების განმავლობაში იყო, ველოდებით სპეკულაციურ ინტერპრეტაციებს, უსაგნო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, იმავდროულად, გარკვეულ ანგაჟირებულ განცხადებებს და ა.შ. ყველაფერს, გარდა საქმიანი დისკუსიისა. სამწუხაროდ, ასეთი გახდა ჩვენი ოპოზიციის ბუნება და, როგორც ჩანს, არც არავინ აპირებს ამ ტაქტიკის შეცვლას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება მთავრობის დამტკიცებას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომდევნო კვირაში გავა.

„პროცედურები როდესაც შემოდის, სტანდარტულად, ისევე როგორც ყველა საკითხი, უპირველესად გადის ბიუროს სხდომაზე, ბიურო განსაზღვრავს და იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომელმა კომიტეტებმა უნდა განიხილონ. რეგლამენტი არეგულირებს დეტალურად ყველაფერს და აწესრიგებს, რა ფორმით და რა ვადებში განიხილება ეს საკითხი. უკვე ალბათ მომდევნო კვირიდან დაიწყება ამ საკითხების დეტალურად განხილვა პარლამენტის პოლიტიკური სუბიექტებისა და სტრუქტურული სუბიექტების მიერ და ალბათ მომდევნო კვირაში გავა ეს ყველაფერი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.