საგამოძიებო სამსახურმა დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნა-გამოყენების ფაქტზე შვიდი პირი ამხილა
საგამოძიებო სამსახურმა დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნა-გამოყენების ფაქტზე შვიდი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანების ფაქტზე სამეგრელოს რეგიონში მხილებულ იქნა ორი დანაშაულებრივი ჯგუფი, რაზედაც სისხლის სამართლებრივი დევნა შვიდი პირის მიმართ დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, წინასწარი შეთანხმებით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სამშენებლო სამუშაოების მომსახურებისა და სარემონტო მასალების თითქოსდა მიწოდების თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.

ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა, ჯამში, 214 730 ლარის ოდენობის ზიანი, რომელიც გამოძიების ეტაპზე სრულად იქნა ანაზღაურებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე და მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.