ადამიანთა მოდგმა შესაძლოა სულაც არ მოდის აფრიკიდან - ამტკიცებს ახალი კვლევა
ადამიანთა მოდგმა შესაძლოა სულაც არ მოდის აფრიკიდან - ამტკიცებს ახალი კვლევა

დღეს ფართოდ აღიარებულია მოსაზრება, რომ მილიონობით წლის წინ, ადამიანები აფრიკიდან წამოვიდნენ. თუმცა, როგორც ახალი კვლევის ავტორები ირწმუნებიან, ეს ისტორია შესაძლოა მთლიანად ხელახლდა დასაწერი გახდეს. 

კუნძულ კრეტაზე აღმოჩენილია ფეხის ნაკვალევი, რომელმაც შეიძლება მთლიანად შეცვალოს ადამიანთა ადრეული ევოლუციის ნარატივი; აღმოჩენა გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი წინაპრები თანამედროვე ევროპის ტერიტორიაზე იმაზე ადრე გამოჩნდნენ, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა.

ადამიანთა მოდგმის შესახებ ამჟამად საყოველთაოდ მიღებულ ამბავს საფუძველი დაუდო მეოცე საუკუნუს შუა წლებში სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში აღმოჩენილმა ჩვენი უძველესი წინაპრების ნამარხებმა. როგორც შემდგომი აღმოჩენებიდან ირკვეოდა, წინაპართა ის ნაწილი, რომელიც აფრიკაში დარჩა, იქვე იყო იზოლირებული მილიონობით წლის განმავლობაში, სანამ საბოლოოდ, ისინიც ევროპისა და აზიისკენ გადაადგილდნენ.

თუმცა, ამ ისტორიას სრულიად ცვლის კუნძულ კრეტაზე ახლახან აღმოჩენილი ფეხის ნაკვალევი, რომელიც ადამიანის 5,7 მილიონი წლის წინანდელ წინაპარს ეკუთვნის. ადამიანებმა შეიძლება აფრიკა იმაზე გაცილებით ადრე დატოვეს და სხვა კონტინენტებს, მათ შორის ევროპასაც მოედვნენ, ვიდრე ვიცოდით.

„ეს აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს ადამიანთა ადრეული ევოლუციის შესახებ ამჟამად გაბატონებულ ნარატივს და ალბათ, დიდ დებატებსაც გამოიწვევს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა ადამიანთა წარმოშობის კვლევით დაკავებული საზოგადოება აღმოჩენილ ნაკვალევს იმის დამაჯერებელ მტკიცებულებად, რომ ჰომინინები კრეტაზე უკვე მიოცენის ეპოქაში არსებობდნენ“,  — ამბობს კვლევის ავტორი, პროფესორი პერ აჰლბერგი.

კვლევამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფეხის ანაბეჭდების მახასიათებლებზე, განსაკუთრებით კი ფეხის თითებზე. აღმოჩნდა, რომ თითებს არ ჰქონია ბრჭყალები, მისი მეპატრონე დადიოდა ორ ფეხზე და ჰქონდა სხვა თითებთან შედარებით გაცილებით გრძელი ცერა თითები.

ამ ყველაფერმა ისინი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ფეხი ჩვენს ადრეულ წინაპრებს ეკუთვნის, რომლებიც ევროპაში იმაზე ბევრად ადრე დაიარებოდნენ, ვიდრე გვეგონა.

ასევე ნათლად ჩანს, რომ ფეხის ნაკვალევის მეპატრონესა და მთლიანად მის სახეობას შესაძლოა დამოუკიდებლად განვითარებოდა ზუსტად იგივე თვისებები, რაც აფრიკაში დარჩენილებს განუვითარდათ.

იმ პერიოდში, რომელსაც ნაკვალევი მიკეუთვნება, არ არსებობდა საჰარის უდაბნო, აფრიკის სამხრეთიდან ჩრდილოეთ აფრიკისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთისკენ სავანის მსგავსი გარემო იყო გადაჭიმული, კრეტა კი კონტინენტური საბერძნეთისგან ჯერ არ იყო გამოყოფილი. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ადვილი ხდება იმის წარმოდგენა, თუ როგორ მოხვდნენ ადრეული ჰომინინები კუნძულზე.

როგორც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარმა მარკ მასლინმა The Times-ს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ამ აღმოჩენის თანახმად, ჩვენი წინაპრები მათში ახლად განვითარებულ ბიპედალიზმს თანამედროვე ევროპის ტერიტორიაზე გადასაადგილებლად იყენებდნენ — უფრო გვიანდელ ადამიანთა შესახებ არსებულ მტკიცებულებათა არარსებობა გვაფიქრებინებს, რომ მათი მოგზაურობის ისტორია  შეიძლება „კარგად არ დასრულებულა“.

მომზადებულია The Independent-ის მიხედვით