ადა მარშანია - თუ დროებითი საგამოძიებო კომისიიდან ჩემს შეთავაზებაზე უარს მივიღებ, კომისიას დავტოვებ
ადა მარშანია - თუ დროებითი საგამოძიებო კომისიიდან ჩემს შეთავაზებაზე უარს მივიღებ, კომისიას დავტოვებ

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის” წევრის, ადა მარშანიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ჩადენილ ქმედებებზე დროებითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, ის ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ კომისიას დატოვებს.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისიის სხდომა დღეს გაიმართება, რომელზეც ადა მარშანია მისვლას აპირებს.

„კომისიის სხდომაზე მივალ, რათა კომისიის თავმჯდომარისგან პასუხი მივიღო, რა გადაწყვეტილება მიიღეს ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით. მათ შევთავაზე, რომ იმ საკითხებისა და დანაშაულებების გამოძიების წრე გააფართოონ, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ქვეყანაში ხდებოდა ან მეორე საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც უმძიმეს დანაშაულებებს გამოიძიებს. ეს კომისია რეგლამენტის დიდი დარღვევებით დაკომპლექტდა, მაგრამ ამას უნდა მივეჩვიოთ“, – განაცხადა მარშანიამ.

მისი თქმით, კომისიის შემადგენლობა ბევრ კითხვას ბადებს.

„თავად შემადგენლობა ბევრ კითხვებს ბადებს და საერთოდ, ისეთ წარმოდგენას ქმნის, რომ აბსურდის თეატრში ვიმყოფებით. თუ ჩემს განცხადებებზე უარს მივიღებ, კომისიას დიდი სიამოვნებით დავტოვებ, რადგან ამ შემადგენლობასთან მუშაობა ვერ წარმომიდგენია“, – აღნიშნა ადა მარშანიამ.

დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა ოპოზიციას, „ევროპულ საქართველოს“ ჰყავს. ამავე პარტიის წევრია კომისიის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე.