ადა მარშანია - ირაკლი კობახიძის განცხადება უხერხულია, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით კენჭისყრას ვერ დავესწარი, რადგან 200 მქონდა წნევა
ადა მარშანია - ირაკლი კობახიძის განცხადება უხერხულია, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით კენჭისყრას ვერ დავესწარი, რადგან 200 მქონდა წნევა

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ადა მარშანიას თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება უხერხულია.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში ადა მარშანია ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ემზარ კვიციანი და ადა მარშანია კენჭისყრას ჩამოაშორეს, სხვებზეც მუშაობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ.

მარშანიას განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვას პირადი მიზეზით ვერ დაესწრო.

„მეორე მოსმენის კენჭისყრაზე რომ არ ვიყავი, პირადი მიზეზი მქონდა, ძალიან შეუძლოდ ვიყავი. ირაკლი კობახიძე ჩვენს მიმართ ნებისმიერ ფაქტს ნათლავს, ჩვენს შავბნელ მოლაპარაკებებად „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თავად რა დღეშიც არის, ჰგონია, რომ სხვებიც ისე არიან. მის განცხადებაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ირაკლი კობახიძე გამოირჩევა უცნაური განცხადებებით. საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი და მესამე მოსმენით ხმა მივეცი, მეორე კენჭისყრაზე არ ვიყავი და ლოგიკა სად არის? ჩვენი პოზიცია ცნობილი იყო, უბრალოდ, მოულოდნელი ამბები ადამიანს ხომ ემართება? – 200 მქონდა წნევა. ირაკლი კობახიძის მხრიდან ასეთი განცხადებები უხერხულია, ეტყობა, ასეთ უხერხულ განცხადებებს უნდა მივეჩვიოთ. წავა-წამოვა, ოდნავ პატარა მიზეზს ეძებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაგვაკავშიროს. ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი. ემზარ კვიციანი პარტიიდან სულ სხვა მიზეზით წავიდა და თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა. თავად არ ვიცოდი, რომ ვერ დავესწრებოდი სხდომას. ასეთ მნიშვნელოვან კენჭისყრაზე რომ არ ვიყავი, ე.ი. რაღაც მჭირდა სერიოზული. ნეტა, „ნაციონალური მოძრაობის“ ჭკუით როდის დავდიოდი? კობახიძე რომ დადის, საკუთარ განცხადებებში ეტყობა“, – განაცხადა მარშანიამ.