ადა მარშანია - პირველივე ვიზიტისას დავრწმუნდით, რომ მოსკოვი გველოდებოდა
მოსკოვში პირველივე ვიზიტისას დავრწმუნდით, რომ მოსკოვი გველოდებოდა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მოსკოვი საქართველოდან პოლიტიკოსების ჩამოსვლას ელოდებოდა. მათ აშკარა სიხარული და კმაყოფილება ეტყობოდათ, რაც ყველაფერში გამოიხატებოდა. არავინ იფიქროს, რომ ჩვენ იქ რამე უკადრებელ სიტუაციას მოვითმენდით, სადაც ჩვენი სახელი, ღირსება, ან ეროვნული სიამაყე შეილახებოდა. რა თქმა უნდა, ასეთი სიტუაცია არ იყო და იყო აბსოლუტურად თანაბარი საუბარი“, – განაცხადა მარშანიამ.
პირველი არხის ანლიტიკოსის, ზვიად ავალიანის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა მოსკოვში გარკვეული იმპულსები, რომ პირდაპირმა კონტაქტმა შესაძლოა, შედეგი მოიტანოს და არიან თუ არა იქ მზად რამე დათმობისთვის, ადა მარშანიამ განაცხადა, რომ სანამ ჩვენი ხელისუფლება ფსიქოლოგიურ, პოლიტიკურ თუ სხვადასხვა ბარიერს გადალახავს და მოსკოვში წავა, ამ სერიოზული გარღვევისთვის საშინაოდ უნდა მოვემზადოთ. მარშანიას თქმით, მოსკოვში დეპუტატების წასვლა სხვაა, ხელისუფლების წასვლა კი, სულ სხვა რამ იქნება.
„პატრიოტთა ალიანსმა“ მოსკოვში დღის წესრიგში ძალიან მწვავე საკითხები დააყენა. მე საუბარი სოხუმითა და ცხინვალით დავიწყე. მათ ვაჩვენეთ და ვაგრძნობინეთ, რომ მოსკოვში, პირველ რიგში, იმისთვის ჩამოვალთ, რათა სოხუმსა და ცხინვალზე ვისაუბროთ, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს ფარგლებში დაბრუნდეს, ჩვენ კი, იქ დავბრუნდეთ. საპასუხოდ, მათ არ უთქვამთ, რომ ეს თემა დამთავრებულია“, – განაცხადა მარშანიამ.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა პარლამენტის ერთი წლის საქმიანობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პარლამენტი უფრო და უფრო არაადეკვატური ხდება.
„ჩვენი პოლიტიკური ძალის მტკიცე თვალსაზრისით, ქვეყნის უზენაესი და უპირველესი მიზანი ქვეყნის გამთლიანებაა. საკანონმდებლო ორგანო საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირებით უნდა იყოს დაკავებული და გაუგებარია პარლამენტის საქმიანობა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში, ქვეყნის ამ უზენაესი თემის განხილვას არც სხდომას უძღვნის, არც განხილვას, არც დებატებს და არც პოლიტიკურ ხედვას აყალიბებს. აფზახეთის კომისიის სხდომა მხოლოდ სამჯერ იყო, რაც ძალიან დიდი სირცხვილია“, – განაცხადა ადა მარშანიამ.