ადა მარშანია - NDI ისეთ კვლევას აქვეყნებს, რომელიც აშშ-ში გარკვეულ წრეებს აწყობთ
ფრაქცია „პატრიოტების“ წევრის, ადა მარშანიას განცხადებით, NDI-ის კვლევები ძალიან ეშმაკურად და ჭკვიანურად ტარდება, რადგან ყველაზე მძლავრი და ზუსტი იარაღია გამოყენებული, რასაც ნახევრად სიმართლე ჰქვია.
ჟურნალისტებთან საუბარში მარშანია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პოლიტიკური კვლევის იმ შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსს“ სამპროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.
„დამიჯერეთ, NDI-ის კვლევის მიმართ ჩვენი უნდობლობა ნამდვილად არ არის განპირობებული იმის გამო, რომ ჩვენ ასეთი პროცენტი დაგვიწერეს. ჩვენი პროცენტი გვერდზე გადავდოთ. მათ კვლევებს არც არასოდეს ვენდობოდით და არც ახლა ვენდობით. მიგვაჩნია, რომ ჩვენს საზოგადოებაში ეს ძალიან მავნე მოვლენაა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ჯანსაღად და ბუნებრივად შექმნილ პოზიციებსა და აღქმას წამლავს. ეს ჩვენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ხელოვნური ჩარევაა. NDI-ის კვლევები ძალიან ეშმაკურად და ჭკვიანურად ტარდება, რადგან ყველაზე მძლავრი და ზუსტი იარაღია გამოყენებული. ამ იარაღს ნახევრად სიმართლე ჰქვია. რაღაც მაჩვენებლებში ნამდვილი კვლევაა და ჩვენთვის ცნობილი ფაქტების დადასტურება ხდება, თუნდაც იმის, რომ მოსახლეობა თავის მაჟორიტარ დეპუტატს ნაკლებად იცნობს. ამ ფაქტს მაშინ შევეჯახე, როცა ამა თუ იმ ადამიანს ვკითხე, იყო თუ არა საკუთარ დეპუტატთან და მიპასუხეს, არც კი ვიცი, ვინ არის ჩვენი დეპუტატიო. ნახევრად სიმართლის თქმით ის კვლევა ქვეყნდება, რომელიც ზესახელმწიფოს – ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეულ წრეებს აწყობთ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის საქმეებში აშკარად და უხეშად ერევიან. კვლევა ჩავატარეთ და ორგანიზაციის ხელმძღვანელს დავუმტკიცეთ, რომ მათი კვლევა მეტწილად არის ყალბი და აბსოლუტურად სუბიექტური“, – განაცხადა მარშანიამ.
დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ ათ პროცენტიან რეიტინგსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელოვნურად შექმნილი სურათია და ეს პროცესი მანამდე გაგრძელდება, სანამ ქვეყანაში დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის პოლიტიკა გაგრძელდება.
„2012 წელს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გარიგდნენ, რომ „ოცნება“ პოზოცია იქნება, “ნაციონალები” – ოპოზიცია და მათ ზურგს ამერიკის ელჩი და სახელმწიფო უმაგრებთ“, – დასძინა მარშანიამ.