აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები შესაძლოა, გაიფიცონ. დღეს, მთავარი საინფორმაციო გამოშვების წინ საინფორმაციო სამსახურის თითქმის ყველა ჟურნალისტი, რამდენიმე საავტორო გადაცემის წარმომადგენლებთან ერთად, ტელევიზიის წინ აქციაზე გავიდა და დირექტორის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის მიხედვით, სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, საინფორმაციო სამსახურში აღარ იქნება უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით მენეჯმენტი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.
„ამით გაფორმდა სარედაქციო ვექტორის შეცვლის სურვილი. ის, რაზეც ამდენი თვეა, როგორც მენეჯმენტი ამბობს, „ვწიოდით და ვკიოდით“ ჟურნალისტები. ყველა მოქალაქე, ვისი ხმაც ისმოდა აჭარის ტელევიზიაში, გვერდით უნდა დაუდგეს, თუ უნდათ, რომ მათი ხმა მომავალშიც ისმოდეს“, – ამბობს ჟურნალისტი ხათუნა შუშანიძე.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ დირექტორის გადაწყვეტილება არის ძალის დემონსტრირება, რის გამოც რადიკალურ ფორმებს მიმართავენ, თუმცა კანონის ფარგლებში.
„მივმართავთ რადიკალურ ფორმებს, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. ეს იქნება საპროტესტო აქციები, სირცხვილის კორიდორები თუ სხვა რამ. განიხილება გაფიცვაც“, – განაცხადა ჟურნალისტმა თეონა თურმანიძემ.
ჟურნალისტების სამოქმედო გეგმა ხვალ გახდება ცნობილი.
აჭარის ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოების არასწორი ინფორმირება ხდება და ტელევიზიაში გაფიცვის საფუძველი არ არსებობს.