აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ოპოზიციამ შესაძლოა, არმაზ ახვლედიანი დაასახელოს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ოპოზიციამ შესაძლოა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივანი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დირექტორი არმაზ ახვლედიანი დაასახელოს. ამ დრომდე მათ გადაწყვეტილება არ გაუხმაურებიათ, თუმცა ერთიან კანდიდატს სავარაუდოდ დღეს დაასახელებენ.
უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია საბჭოს მიღმა დარჩენილ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შეთანხმებით აპირებს კანდიდატის დასახელებას. სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ამ წუთებში ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არიან შეკრებილები და სწორედ ამ საკითხზე მსჯელობენ. შეხვედრას არმაზ ახვლედიანიც ესწრება.
„როდესაც შევთანხმდებით ყველა პარტიისთვის მისაღებ კანდიდატზე, მას პრეზიდენტს წარვუდგენთ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, პეტრე ზამბახიძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მმართველმა პარტიამ თორნიკე რიჟვაძე წარადგინა, რომელიც ამ დროისთვის ერთადერთი კანდიდატია.