აჭარაში ფერმერებისთვის 2 200 ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობი უფასოდ დამუშავდება
აჭარაში ფერმერებისთვის 2 200 ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობი უფასოდ დამუშავდება

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში ფერმერებისთვის 2 200 ჰა სასოფლო-სამეურნეო ფართობი უსასყიდლოდ დამუშავდება, რაც აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ხარჯისთვის მილიონ 300 ათასამდე ლარია გამოყოფილი.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ოჩხამურში დაესწრო.

მათივე ცნობით, სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლოდ დამუშავების პროგრამა აჭარის მთავრობამ პანდემიის პერიოდში დაიწყო და წელსაც გრძელდება.

2023 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 30 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2023 წელს სოფლად მეწარმეობის განვითარების და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 400-მდე ფერმერი დაფინანსდება.