თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის ბიუჯეტი 600 მილიონ ლარს გადააჭარბებს
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის ბიუჯეტი 600 მილიონ ლარს გადააჭარბებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 600 მილიონ ლარს გადააჭარბებს, რაც 2018 წელთან შედარებით ორჯერ მეტია, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც აღინიშნა, შესაბამისად გაიზრდება რეგიონში ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა სფეროების დაფინანსება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 65 მილიონი ლარით იზრდება და შესაბამისი ცვლილებების პროექტს აჭარის მთავრობა უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში წარუდგენს.

ამავდროულად, თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში ვიზიტორების რაოდენობის ზრდაზე ისაუბრა. მისი თქმით, მეორე კვარტალში რეგიონში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობამ მილიონ 200 ათასს გადააჭარბა.

„მეორე კვარტის მონაცემებით, აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები აჭარაში გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 88%- ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით გაზრდილია 5.3 %-ით. გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა სამიზნე ქვეყნებიდან: გერმანია +12.3%, ისრაელი +25%, ლატვია +241.4%, ლიეტუვა +136%, ყაზახეთი +98.7%, ბრიტანეთი +41.2%, საუდის არაბეთი +31%, თურქეთი +51.1%“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გარდა ამისა, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ბათუმის აეროპორტში საერთაშორისო რეისების რაოდენობაც იზრდება.

„31 ივლისს განახლდება კვირაში ორი სიხშირით ფრენები ლიეტუვიდან. აღსანიშნავია, რომ ბალტიის სამივე ქვეყნიდან გვაქვს ვიზიტების მატება. ვაგრძელებთ რეგიონის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში. მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევების ფონზე აჭარის რეგიონის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ჩვენთვის ყველა პრიორიტეტულ ქვეყანაში. მოცემული მომენტისთვის აქტიურად ჩაეშვა და მიმდინარეობს ონლაინ მარკეტინგული კამპანიები ათ ქვეყანაში: ისრაელში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, პოლონეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, სომხეთში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.