არმაზ ახვლედიანი - ძალიან მინდა, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას, თუ არ შეიქმნება, ეს იქნება იმ დეპუტატების პასუხისმგებლობა, რომლებიც ამ პროცესს ჩამოშორდნენ
არმაზ ახვლედიანი - ძალიან მინდა, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას, თუ არ შეიქმნება, ეს იქნება იმ დეპუტატების პასუხისმგებლობა, რომლებიც ამ პროცესს ჩამოშორდნენ

სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, თავი ბევრმა რამემ იჩინა, შეიძლება, გამოუცდელობამ, შეიძლება, ცოტა უპასუხისმგებლობამაც, კოორდინაციის ნაკლებობამაც, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არის, მომავალი კვირა სასესიოა და თუ ვინმე მართლა ფიქრობს, რომ ეს იყო არა განზრახვით, ყველას შეუძლია, დაამტკიცოს საპირისპირო კენჭისყრასა და განხილვაში მონაწილეობით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

როგორც ახვლედიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, საგამოძიებო კომისიის შექმნა ის თემაა, როდესაც არ უნდა დარჩეს ოპოზიციურ ფლანგზე არცერთი დეპუტატი, ვინც ამის მიმართ გულგრილი იქნება.

„ძალიან მინდა, რომ ეს საგამოძიებო კომისია შეიქმნას. თუ არ შეიქმნება, ეს იქნება იმ დეპუტატების პასუხისმგებლობა, რომლებიც, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით, მაგრამ შეიძლება, ამ პროცესს ჩამოშორდნენ. თუ ეს კომისია შეიქმნებოდა, ეს იქნებოდა უმნიშვნელოვანესი ბერკეტი ოპოზიციის ხელში, რომ საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში სასამართლო სისტემაში ჩამოყალიბებული არაჯანსაღი, პოლიტიკური გავლენებით დახუნძლული გარემო მზის სხივზე გამოტანილი იყოს. ყველამ კიდევ ერთხელ გაიგოს, რამდენად ამახინჯებს და ამძიმებს საერთო სახელმწიფოებრიობის პროცესს ასეთი სასამართლო. ვფიქრობ, ამით ასევე შევეხიდებოდით ჩვენს პარტნიორებს შეერთებულ შტატებში, რომლებმაც საკმაოდ მძიმე, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, სამართლიანი ვერდიქტი გამოიტანეს ცნობილი პირების მიმართ“, – განაცხადა ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიანის განცხადებით, მარტის მოვლენებმა აჩვენა, რომ საპარლამენტო ოპოზიციაში ნამდვილად არსებობს კოორდინაციის საკმაოდ კარგი ხარისხი.

„ბევრი დეპუტატი, ვინც აქტიურად იყო ჩართული იმ პროცესში, ადასტურებდა რამდენად პასუხისმგებლობით უდგებოდა ეს ხალხი დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ძალიან რთულ პირობებში. რა თქმა უნდა, კოორდინაცია ყოველთვის ერთნაირი ხარისხით ვერ ხდება, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ კრიტიკულ მომენტში საპარლამენტო ოპოზიცია მოწოდების სიმაღლეზე იქნება. ოპოზიციონერად შეიძლება, იწოდებოდეს არა ის, ვინც თავს ოპოზიციონერად მიიჩნევს ან ვისაც ხელისუფლება მიიჩნევს ოპოზიციონერად, არამედ ის, ვინც ოპოზიციურ ფლანგზე პასუხისმგებლობით, კეთილსინდისიერად, უშიშრად და თანმიმდევრულად ახერხებს საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილის ინტერესების და დღის წესრიგის განხორციელებას. დღევანდელ საქართველოში ეს არის არსებული სისტემის მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით დემონტაჟი. ვინც ამ საქმეს ემსახურება არა ემოციებით, არა მხოლოდ აქციებით, არამედ კონკრეტული საქმით, თანმიმდევრულად და დიდი ხნის განმავლობაში დაუღალავად, იმას ჩავთვლი წელში გამართულ ოპოზიციონერად“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.