არმაზ ახვლედიანი - შევხედოთ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს როგორც რეალურად არგუმენტირებულს და ნუ ვეცდებით, საარჩევნო პროცესში ცესკო-ს ობიექტურობა ეჭვქვეშ იყოს
არმაზ ახვლედიანი - შევხედოთ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს როგორც რეალურად არგუმენტირებულს და ნუ ვეცდებით, საარჩევნო პროცესში ცესკო-ს ობიექტურობა ეჭვქვეშ იყოს

შევხედოთ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, როგორც რეალურად მოტივირებულს, არგუმენტირებულს და ნუ ვეცდებით, საარჩევნო პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის, ცესკო-ს როლი, მნიშვნელობა, ობიექტურობა ოდნავ მაინც ეჭვქვეშ იყოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

არმაზ ახვლედიანმა მოუწოდა საპარლამენტო უმრავლესობას, გაიზიარონ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რაც, მისივე თქმით, 2024 წელს ქვეყანას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების საშუალებას მისცემს.

„ჩვენ თუ ამ მთავარ, ფუნდამენტურ წესზე ვერ შევთანხმდებით, რომ გვჭირდება წესების ერთობლიობა, რაც საქართველოში გარანტირებულად ჩაგვატარებინებდა მომდევნო წელს სამართლიან, დემოკრატიულ არჩევნებს, მაშინ უნდა გითხრათ, რომ ყველა სხვა წესზე საუბარს აზრი ეკარგება. ეს თუ ასე არ არის, მაშინ გთხოვთ, დამიმტკიცოთ საპირისპირო არგუმენტებით, რადგან საპირისპირო ვერ დაამტკიცა ვერცერთმა წინა უმრავლესობამ. ჩვენ თუ კვლავ ველური თუ ნახევრად ველური წესებით ვაპირებთ 2024 წლის არჩევნების ჩატარებას, ვიცოდეთ, რომ ჩვენს სახელმწიფოებრიობას ისეთი გამოწვევები დაუდგება, რომლის წინაშეც ჯერ არ ყოფილა“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.