აჭარის მთავრობის შენობასთან ოპოზიციის აქცია გრძელდება. ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერებისა და მხარდამჭერების ნაწილი ტერიტორიას არ ტოვებს.
დღეს აქციის მონაწილეებმა მთავრობის შენობის წინ ევროკავშირისა და აშშ-ის დროშები აღმართეს.
„ისინი არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დაინტერესებული, რომ ჩვენთან სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. ერთგვარი მადლიერების ნიშნად აღვმართეთ მათი დროშები“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გიორგი კირთაძემ.
ყოველდღიურად, აქციის მონაწილეები სხვადასხვა აქტივობას გეგმავენ. დღეს, როგორც თავად განაცხადეს, გაიმართება ტურნირი „ფეხბუშტში“. ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, აქცია არ შეწყდება, ვიდრე არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.