აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი - სასტუმრო „ლეოგრანდში“ დათვალიერება დასრულდა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება
აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი - სასტუმრო „ლეოგრანდში“ დათვალიერება დასრულდა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

სასტუმრო „ლეოგრანდში“ შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, – ამის შესახებ განცხადება აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მაისურაძემ გააკეთა.

„შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულებულია. ლევან მაისურაძის თქმით, მიმდინარეობს ექსპერტ-კრიმინალისტებისა და გამომძიებლების მიერ აღებული ნიმუშების ექსპერტიზები, ასევე, მოქალაქეების დაკითხვა“, – განაცხადა ლევან მაისურაძემ.

მაისურაძე ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ დაასახელებს, რამდენი ადამიანი დაკითხეს. აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი არც სხვა კონკრეტულ დეტალებზე საუბრობს.

სასტუმროს პერსონალის დაკითხვა დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.

მომხდარის გამო, 2017 წლის 27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.