აჭარის ჯანდაცვის მინისტრისა და ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილთა ახლობლების შეხვედრა ხვალ გაგრძელდება
ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა ბათუმის კლინიკებში გარდაცვლილთა ახლობლების შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ზაალ მიქელაძე აქციის მონაწილეთა ნაწილს ხვალ შეხვდება და დეტალურად შეისწავლის მათ მოთხოვნებს.
ბათუმის კლინიკებში გარდაცვლილთა ახლობლები პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც არა მარტო აჭარაში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით ექიმების შესაძლო დაუდევრობის შედეგად გარდაცვლილთა საქმეებს შეისწავლის. ისინი ამბობენ, რომ რეგულირების სააგენტო და გამოძიება არაეფექტურია.
„ჩვენ მივმართავთ პარლამენტის ჯანდაცვის კომისიას, ასევე სამინისტროს და რეგულირების სააგენტოს, გადავცემთ იმ მოთხოვნებს, რაც მოსახლეობას აქვს. ვფიქრობ, როცა მათ შეკითხვები აქვთ და თან ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებზე, ამ შეკითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. ხვალ ამ საკითხებს გავივლით ოჯახის წევრებთან“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
ზაალ მიქელაძესთან შეხვედრის შემდეგ, აქციის მონაწილეები დაიშალნენ.
ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილი რვა ადამიანის ახლობლები გარდაცვალების შემთხვევებს ექიმების დაუდევრობას აბრალებენ. ისინი საქმეების გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.
აქციაზე შეკრებილთა შორის იყვნენ 21 მარტს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის, ექვსი წლის საბა კიწმარიშვილის; 26 წლის ნათია ჩაგანავას; 25 წლის ზუკა ფაღავას; 51 წლის ელიზა ჩხობაძის; 53 წლის დალი კეშელავას; 28 წლის თემურ გაბაიძისა და ოთხი წლის ანრი ბერიძის ოჯახის წევრები. ყველა მათგანი ბოლო ორი წლის განმავლობაშია გარდაცვლილი.
აქციის მონაწილეებმა ჯერ ბაგრატიონის, ხოლო შემდეგ აბუსერიძის ქუჩა გადაკეტეს, რის შემდეგაც მათთან შესახვედრად აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მივიდა.