აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.
დაბა ჩაქვში შპს „მექანიზატორის“ ადმინისტრაციულ შენობაში შტაბი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, გახსნა.
დამონტაჟდა პირველი სპეციალური დამჭერი ხაფანგიც (ფერომონი). მონიტორინგის მეშვეობით მოხდება მავნებლის იდენტიფიცირება და გავრცელების არეალის დადგენა. შედეგების მიხედვით, დაიგეგმება მავნებლის საწინააღმდეგო კონკრეტული ღონისძიებები.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, აჭარის რეგიონს, 20 ათასი ლიტრი პრეპარატი და 3 500 ცალი ფერომონი გადმოეცა, რეგიონში მობილიზებული იქნება ექვსი ერთეული მაღალი გამავლობის სპეცმანქანა თავისი შესაწამლი აგრეგატებით.
ასევე საჭიროების შემთხვევაში, მზად არის შპს „მექანიზატორის“ 26 ერთეული სპეცტექნიკა, რათა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს.
ფაროსანა ამ დროისთვის ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ქედაში ფიქსირდება.