აჭარაში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა
აჭარაში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა

აჭარაში წელს 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. ე.წ. ნარინჯისფერი რთველისთვის სამზადისი უკვე დაიწყო.

მოსავლის რეალიზაციისა და სუბსიდირების უზრუნველყოფის მიზნით, დღეს რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გახსნა.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. საექსპორტო მანდარინს 30-მდე ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო გადაამუშავებს.

„მალე ნარინჯისფერი რთველი შევა აქტიურ ფაზაში და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დროულად გატარდეს ყველა ღონისძიება, რაც უზრუნველყოფს ციტრუსის ჩაბარებას და შემდგომ ექსპორტს. გარდა ტრადიციული საექსპორტო ბაზრებისა, ჩვენი მიზანია, პროდუქტციის რეალიზაცია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოხდეს. ვაგრძელებთ სუბსიდირების პროგრამას სამრეწველო მანდარინთან მიმართებაში და ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანია, რადგან აჭარაში თითოეული კილოგრამი ციტრუსი იყოს შესაბამისად კომპენსირებული.
დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია, ღიად მოვისმინოთ ყველა საკითხი, რომელიც აწუხებთ როგორც ექსპორტიორებს, ასევე ფერმერებს. ვისაუბროთ, რა გადაუდებელი ღონისძიებებია გასატარებელი, რომ გვქონდეს მაქსიმალურად წარმატებული ციტრუსის სეზონი და უზრუნველვყოთ შემოსავალი თითოეული ოჯახისთვის“ – განაცხადა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა.

შტაბი მიმდინარე წლის თებერვლამდე იფუნქციონირებს, იმუშავებს ცხელი ხაზიც.