აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში ხვალ გაიმართება
აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში ხვალ გაიმართება

პრაღაში ხვალ საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შეხვდება.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წელს დადებული შეთანხმება იქნება. მისი განმარტებით, წინა შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება, რომ შვეიცაირიულ მხარესთან ერთად განისაზღვრებოდა შესაბამისი კონტრაქტების ხელმოწერის თარიღი.

„ქართულმა მხარემ რამდენჯერმე დაადასტურა, რომ მზად არის ამისთვის, მაგრამ ჯერჯერობით, რუსული მხარე თავს იკავებს. ჩვენ შევეცდებით, გავერკვეთ, რამდენად არის მზად რუსეთი შეთანხმების შესასრულებლად და შევეცდებით, კონტრაქტების გაფორმების შესაძლო ვადებზე ჩამოვყალიბდეთ,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ პირველ არხთან საუბრისას.

მისი თქმით, საქართველომ ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე დაასრულა მოსამზადებელი სამუშაოების შესაბამისი ეტაპი და შვეიცარიულ მხარეს ამასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს.

რაც შეეხება გრიგორი კარასინის განცხადებას, თითქოს ქართული მხარე მზად არ არის, შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს, ზურაბ აბაშიძე მას სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

„ჩვენს შვეიცარიელ პარტნიორებსაც დავუდასტურეთ მზაობა და არანაირი კითხვები საქართველოს ხელისუფლების მიმართ არ არსებობს. შევეცდებით, გავერკვეთ დეტალებში, რა არგუმენტები აქვს რუსულ მხარეს. ასევე, შევეცდებით, დავაყენოთ საშველი და შევთანხმდეთ თარიღზე, თუ როდის უნდა გაფორმდეს კონტრაქტები, რომ გადავიდეთ იმპლემენტაციის ეტაპზე“ – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

აბაშიძე-კარასინის პირველი შეხვედრა პრაღაში 2012 წლის დეკემბერში გაიმართა.