47 მილიონი წლის ნამარხ ბუზს მუცელი ყვავილის მტვრით აქვს სავსე — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა აღმოაჩინეს 47 მილიონი წლის წინანდელი განმარხებული ბუზი, რომელსაც მუცელი მთლიანად ყვავილის მტვრით აქვს სავსე.
ეს აღმოჩენა პირველი პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ უძველესი ჩახლართულძარღვებიანი ბუზების (Nemestrinidae) ზოგიერთი სახეობა რამდენიმე სხვადასხვა სახეობის სუბტროპიკულ მცენარეთა მიკროსპორებით იკვებებოდა.
„ბუზის მუცელში აღმოჩენილი მტვრის მდიდარი შემცველობა მიუთითებს, რომ ეს ორფრთიანი მწერები ყვავილის მტვრით 47 მილიონი წლის წინაც იკვებებოდნენ და აჩვენებს, რომ ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ რამდენიმე სახეობის მცენარის მტვრის მიმოფანტვაში“, — ამბობს ვენის უნივერსიტეტის ბოტანიკოსი ფრიდგერ გრიმსონი.
დამამტვერიანებლებში (პოლინატორები) უმეტეს ადამიანს პირველ რიგში ფრინველი, ფუტკარი ან პეპელა წარმოუდგენია. ძალიან ცოტა მიიჩნევს ასეთად ბუზს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არსება მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი დამამტვერიანებელი მწერია.
დღეისათვის, ჩახლართულძარღვებიან ბუზებს, რომლებსაც მოკლე, ენის მსგავსი ხორთუმები აქვთ, ყვავილის მტვრის პოტენციურ გადამტანებად ძირითადად არ მიიჩნევენ. უფრო მეტიც, მილისებრი მცენარეებით კვება მხოლოდ გრძელი მწუწნავი გამონაზარდების მქონე ჩახლართულძარღვებიან ბუზებშია დაფიქსირებული და ისიც მხოლოდ ნექტარით.
ახლად აღმოჩენილი ნამარხი, რომელიც გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის სიახლოვეს, მიტოვებულ კარიერში იპოვეს, წარმოადგენს უძველესი მოკლეხორთუმიანი ბუზების (Hirmoneura messelense) ახალ სახეობას, რომელსაც როგორც ჩანს, ყვავილის მტვერი ძლიერ ჰყვარებია.
ავტორები ფიქრობენ, რომ ეს დამამტვერიანებელი მწერი ერთ დროს შეიძლება ამ საქმეში ფუტკრებსაც კი სჯობნიდა.
ნამარხი ნიმუშები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს ყვავილის მტვრით კვებაზე, უკიდურესად იშვიათია, მაგრამ ამ ბუზის უკანასკნელი სადილი გამორჩეულად კარგად არის შემონახული. მიკროსკოპში მის ნაწლავებსა და კუჭს აღენიშნება სულ მცირე ოთხი სხვადასხვა ოჯახის მცენარეთა მტვრის კვალი; მათ შორის არის წყლის ტირიფების და ვირჯინიის სუროს (Parthenocissus quinquefolia), რომლებიც სავარაუდოდ, უძველესი ტბის ნაპირებზე, ტყეში იზრდებოდა.
ბუზის თორაქსზე და მუცელზე (სხეულის ნაწილი, რომელიც სამ სეგმენტად იყოფა; მას ემაგრება კიდურები და ფრთები) მკვლევრებმა ასევე შენიშნეს გრძელი ბეწვებიც, რომლებსაც ბუსუსებს უწოდებენ. მართალია, ამ ბუსუსებზე ყვავილის მტვერი არ ფიქსირდება, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ მას ასეთი გრძელი ჯაგარი აქვს, იმაზე მიუთითებს, რომ ყვავილიდან ყვავილზე ფრენისას მათ მტვერიც უნდა გადაჰქონებოდათ.
ყვავილების მწუწნავი სხვა გრძელხორთუმიანი მწერებისგან განსხვავებით, რომლებიც ნექტრის წოვის დროს ძირითადად მცენარის თავზე, ჰაერში ლივლივებენ, ეს კონკრეტული ბუზი სავარაუდოდ ყვავილზე ჯდებოდა და მტვერსაც იკრავდა. მართლაც, მისი ხორთუმი იმდენად მოკლეა, რომ არც კი ჩანს. მკვლევართა აზრით, ის სავარაუდოდ მწერის თავშია ჩამალული.
ყვავილები, რომლებითაც სავარაუდოდ ის იკვებებოდა, ერთმანეთთან მჭიდროს იყო მიკრული, რაც მწერს მათზე ადვილად სიარულის საშუალებას აძლევდა — ყვავილის მტვერს ერთი მეორის მიყოლებით ჭამდა.
ბუზის მუცელში არსებული მტვრის სამი უცნობი ტიპი ასევე მიუთითებს, რომ ის ერთმანეთთან ახლოს ამოსული სხვადასხვა მცენარეებით იკვებებოდა.
„როგორც ჩანს, ეს ბუზი საკვების წყაროებს შორის დიდ მანძილზე არ დაფრინავდა და მტვერს ერთმანეთთან ახლოს მდგომი მცენარეებიდან ჭამდა“, — განმარტავს გრიმსონი.
მიუხედავად იმისა, რომ ყვავილების მწუწნავ თანამედროვე ბუზებს ყვავილის მტვერი ფუტკრების მსგავსად ეფექტიანად არ გადააქვთ, დამტვერვაში მაინც დიდ როლს უნდა ასრულებდნენ. ამ მიმართულებით ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული.
ახალი აღმოჩენა მხარს უჭერს ძველ ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ ამჟამინდელ ტროპიკულ გარემოში ყვავილის მწუწნავი ბუზები შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, როგორც ფუტკრები — ან უფრო მეტსაც. ის ფაქტი, რომ უძველესი ბუზის მუცელში ყვავილის მტვერი აღმოვაჩინეთ, მიუთითებს, რომ ამ მნიშვნელოვან როლს ეს მწერი ჯერ კიდევ იურულ პერიოდში ასრულებდა.
კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.