დაახლოებით 5300 წლის წინ, აღმოსავლეთ ჩინეთში მოწინავე ცივილიზაცია წარმოიშვა და გააშენა ბრწყინვალე ქალაქი, რომლის მსგავსიც იქამდე არ არსებობდა არა მხოლოდ აზიაში, ალბათ მთელ მსოფლიოშიც კი.
ლიანჯუს კულტურა მდინარე იანძის დელტის ნაპირებზე ყვაოდა; დღემდე შემორჩენილი მისი კვალი მოწმეა იმისა, რა შეეძლო ამ უნიკალურ ნეოლითურ საზოგადოებას ქვის ხანის მიწურულს.
ქალაქ ლიანჯუს არქეოლოგიური ნაშთები წარმოაჩენს იმ პერიოდის სოციალურ, კულტურულ და ტექნოლოგიურ მიღწევებს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და აკვაკულტურის (თევზჭერა) მიმართულებით.
დახვეწილი არქიტექტურული ნაგებობები, მათ შორის, მოხერხებული ჰიდრავლიკური საინჟინრო ნაგებობები, რომლებიც ამუშავებდა არხებს, დამბებსა და წყლის რეზერვუარებს, ქმნის ილუზიას, რომ ლიანჯუ ნეოლითური ხანის „აღმოსავლეთის ვენეციაა“.
თუმცა, არც ერთმა ამ საოცრებამ ჩვენამდე ვერ მოაღწია.
მხოლოდ ერთი ინოვაციური ათასწლეულის შემდეგ, დაახლოებით 3400 წლის წინ, ლიანჯუს კულტურა გაურკვეველ ვითარებაში დაემხო, უძველესი ქალაქი კი უეცრად მიატოვეს.
ზუსტი მიზეზი დღემდე არ ვიცით, მაგრამ ბევრი მკვლევარი ვარაუდობდა, რომ ამ კულტურის უცაბედი დაკნინების მიზეზი კატასტროფული წყალდიდობის გარკვეული ფორმა უნდა გამხდარიყო.
„დღემდე შემორჩენილ ნანგრევებში თიხის თხელი ფენა აღმოვაჩინეთ, რომელიც მიუთითებს მოწინავე ცივილიზაციის განადგურებასა და მდინარე იანძის ან აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის წყალდიდობებს შორის შესაძლო კავშირზე. თუმცა, თავად ტალახის ფენა მიზეზის შესახებ მკაფიო დასკვნების საშუალებას არ იძლეოდა“, — განმარტავს ავსტრიის ინსბრუკის უნივერსიტეტის გეოლოგი კრისტოფ სპოტლი.
ახლა კი უკვე გვაქვს იმ წყალდიდობის აშკარა სურათი, რომელმაც ეს განსაცვიფრებელი ადგილი გაანადგურა.
ახალ კვლევაში, სპოტლი და მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი უფრო შორს წავიდა, ვიდრე უძველესი ტალახის დანალექები, შეისწავლა იმ რეგიონის წყალქვეშა მღვიმეების მინერალური ფორმაციები, მათ შორის სტალაგმიტები; მათში შემონახულია დიდი ხნის წინანდელი კლიმატური გარემოს ქიმიური ნიშნები.
ანალიზებს ჩინეთის სიან ჯიატონგის უნივერსიტეტის მკვლევარუ ჰაივეი ჟანგი ხელმძღვანელობდა; სტალაგმიტების ანალიზებმა აჩვენა, რომ ქალაქ ლიანჯუს კულტურის კოლაფსი ემთხვევა ნალექების უკიდურესად მაღალი მაჩვენებლის პერიოდს, რომელიც დაახლოებით 4300 წლის წინ, ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა და მისი მიზეზი სავარაუდოდ იყო ელ-ნინიოს სამხრეთის რყევების გახშირება.
სპოტლის განცხადებით, ძლიერმა მუსონურმა წვიმებმა მდინარე იანძის და მისი შენაკადების ისეთი სასტიკი წყალდიდობები გამოიწვია, რომ წყლის მასას დახვეწილი დამბები და არხებიც კი ვეღარ უძლებდა, რის გამოც ქალაქი ლიანჯუ დაინგრა და ხალხი გაიქცა.
მკვლევართა მონაცემებით, იანძის დელტის რეგიონში კლიმატის ცვლილების შემთხვევებმა გავლენა შეიძლება ასევე იქონია ამ ზონის სხვა ნეოლითურ კულტურებზეც, რომლებიც ლიანჯუს კულტურის აღზევებამდე ცხოვრობდნენ მშრალ და შედარებით სტაბილური გარემოს პერიოდში.
თუმცა, ისტორია და ამინდი იმას ნიშნავდა, რომ ეს აყვავებული ქალაქი სამარადისოდ ვერ იარსებებდა.
„არქეოლოგიური კვლევები აჩვენებს ფართომასშტაბიანი ჰიდრავლიკური კომპლექსების არსებობას, მაგალითად, მიწის დიდ დამბებს ქალაქ ლიანჯუს სიახლოვეს, რომლებიც 5300-4700 წლის წინ ააშენეს“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
მათი განცხადებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ლიანჯუს საზოგადოება ეფექტიანად მართავდა წყლის რესურსებს, წყალდიდობის შესამცირებლად და ირიგაციისთვის იყენებდა ჰიდრავლიკურ ინფრასტრუქტურას.
მაგრამ დროთა განმავლობაში ეს მშრალი კლიმატი სულ უფრო მშრალი გახდა და კულმინაციას დაახლოებით 4400 წლის წინ, „მეგაგვალვის“ სახით მიაღწია, რის გამოც შეწყვიტეს დამბების მშენებლობა, რადგან უკვე არსებული დამბები საკმარისი უნდა ყოფილიყო მშრალ გარემო პირობებში.
თუმცა, შემდეგ წვიმები დაიწყო, რაც ორ სხვადასხვა პერიოდად მოხდა, დაახლოებით 4400 – 4300 წლის წინ.
„მინერალებიდან მიღებული ცნობები, ისევე, როგორც ლიანჯუს კულტურის ფენის თავზე არსებული წყალდიდობის დანალექების გეოქიმიური მტკიცებულებები მიუთითებს ძლიერ წვიმებზე მდინარე იანძის ხეობის მთელ შუა და ქვემო წელში, რასაც უნდა გამოეწვია მდინარის ნაპირების დატბორვა ან ზღვის სანაპიროს დატბორვა იანძის მიერ ჩატანილი მასების გამო, რასაც დიდი პრობლემები უნდა შეექმნა ადამიანთა დასახლებებისა და ბრინჯის მეურნეობისთვის“, — წერენ მკვლევრები.
მათი განცხადებით, დიდ წყალდიდობას და ცუდი სადრენაჟო სისტემით გამოწვეულ დატბორვას დაბლობ ზონებში, ლიანჯუს მოსახლეობა უნდა ეიძულებინა, დედაქალაქი ტაიჰუს ვაკის დასახლებები მიეტოვებინათ, რასაც საბოლოოდ მთელი ლიანჯუს ცივილიზაციის კოლაფსი უნდა გამოეწვია.
ტენიანი გარემო მომდევნო ასწლეულებშიც შენარჩუნდა, რა დროსაც ლიანჯუში დროებით აყვავდნენ სხვა უძველესი კულტურები, სულ მცირე იქამდე, ვიდრე კიდევ ერთი „მეგაგვალვა“ ამ რეგიონში ნეოლითური კულტურების საბოლოო გაქრობას გამოიწვევდა.
დაახლოებით იმავე დროს, ჩინური ცივილიზაცია ახალი ტრანსფორმაციული ეპოქის დასაწყისში იმყოფებოდა; ძვ. წ. 2070 წელს იუ დიდის მეთაურობით დაარსდა სიას დინასტია, რომელიც ჩინეთის პირველ დინასტიად მიიჩნევა.
„ბევრი დოკუმენტი მიუთითებს, რომ წინამძღოლმა იუმ სიას დინასტია იმიტომ შექმნა, რომ წარმატებით გაართვა თავი მდინარის ადიდებას, მაგრამ ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ იუს მიერ მდინარის კონტროლი კლიმატის ცვლილებას უნდა მიეწეროს“, — წერენ მკვლევრები და განმარტავენ, რომ მათი ანალიზებიც ამ იდეას უჭერს მხარს.
მათივე განცხადებით, ეს კვლევა გვაძლევს ახალ, მყარ მტკიცებულებას, რომ სიას დინასტიის აღზევება მოხდა სველიდან მშრალში კლიმატის დიდი გადასვლის კონტექსტში, რასაც მეტყველებს ჩინური ისტორიული ჩანაწერები და წინა კვლევები.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.