40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის წითელას აცრა უფასოა, უფროსი ასაკის პირებისთვის კი 50 ლარი ღირს
წითელას ვაქცინაცია 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის უფასოა. 40 წელს ზემოთ პირებისთვის კი ის უფასო მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ მას კონტაქტი ჰქონდა წითელათი დაავადებულთან. ამის შესახებ პირველ არხს „დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, აცრის გაკეთება შესაძლებელია ყველა პოლიკლინიკაში, რომელიც იმუნიზაციის პროგრამაშია ჩართული.
რაც შეეხება აცრის ღირებულებას, პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრის ინფორმაციით, 40 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ ჰქონიათ შეხება წითელათი დაავადებულ პირთან, მაგრამ სურთ აცრის გაკეთება, ეს პროცედურა 50 ლარი ღირს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით, წითელას 136 შემთხვევაა გამოვლენილი, რის გამოც, სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთონ.